ლაშა პაპაშვილი ციფრული ბანკის შექმნას გეგმავს. როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, ციფრული ბანკისთვის, რომელსაც ის უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ქმნის, ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადი უკვე შეტანილი აქვს.
“კარგები არიან… უკრაინელები არიან. ჩემზე ახალგაზრდები და იმიტომაც ჩავდე ინვესტიცია, რომ სწორედ მათ დავუჭირო მხარი ამ ქვეყანაში”, – აღნიშნა პაპაშვილმა.
როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, ახალი ბანკის 50% ქართული კაპიტალი იქნება, მეორე ნახევარი კი უკრაინული ინვესტიცია. პაპაშვილის თქმით, უკვე 4 თვეა, რაც ეროვნული ბანკისგან ლიცენზიას ელოდება. ცნობილია უკვე ბანკის სახელწოდებაც, მას Hash ბანკი ერქმევა.
“21-ე საუკუნის ბანკი იქნება ანუ ციფრული ბანკი, რაც მოიაზრებს იმას, რომ სამ წელიწადში უკვე უნივერსალური ბანკი უნდა გახდე ანუ 5 მლნ ლარის კაპიტალით იწყება და სამი წელი გაქვს ვადა, რომ შეავსო 50 მილიონამდე…
მე არ შევინახავდი ლაშა პაპაშვილს კიდევ ორი თვე, რომ შემოვიდეს ამ სექტორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეთ და რაღაც გარდამტეხი სიტყვა ვთქვათ. ახლა კარგია, რომ ძლიერი და 21-ე საუკუნის ბანკი გაჩნდეს ბაზარზე… მით უმეტეს, როცა მხოლოდ ორი მსხვილი ბანკი თამაშობს. ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ორი ჯგუფისაა 40-40%-იანი წილი ბაზრის და სჯობს, 25% ჩვენ გვქონდეს.
კონკურენცია დაბალია, რადგან მაღალია კონცენტრაცია. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ასე მოხდა. არის ქვეყნები, სადაც იგივე სიტუაციაა, რაც ჩვენთან, მაგრამ ამ ქვეყანას არ უხდება. სჯობს, მეტი კონკურენცია, რომ მომხმარებლისთვის გაიაფდეს რაღაცები”, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”.