საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა. ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება წარმოადგენს. შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ზაზა გახელაძისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დატყვევების ფაქტებზე გაამახვილა, რაც ახდენს ვითარების ესკალაციასა და ადგილზე არსებული სიტუაციის გაუარესებას იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაშა დარსალიამ ხაზი ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს გაუსვა , რამაც COVID-19-ის პანდემიის დროს ადგილზე სიტუაცია უკიდურესად გაამწვავა.
დარსალიას თქმით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად ილახება კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უფლება, რაც ადამიანების დაღუპვას იწვევს.
“შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნების საგნობრივი განხილვის აუცილებლობას,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამართლებრივად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალში, შესაბამისად, რუსეთის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომას საჭიროებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კონტექსტში ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას.