LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლარს ფაროსანაც ჭამს” – რა შეაჩერებს კურსს?

შემოდგომა დაიწყო და კურსიც, უკვე ახალდამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს.

დღეების მიხედვით, კურსის გაუფასურება მარტივად შესამჩნევია. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით, თუ კურსის გაუფასურებას, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდებით.

წინა წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ლარის კურსმა 2.72 ნიშნულსაც მიაღწია (დოლართან მიმართებაში).

საგარეო “შოკუნიების” ფაქტორი მოხსნილია

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მოდის და საზოგადოებაში იყო გარკვეული მოლოდინი, კურსის თუნდაც ხელოვნურად „შეკავებასთან“ დაკავშირებით, მოლოდინები არ გამართლდა, რადგან ეროვნულ ბანკს რეზერვების არა თუ ხარჯვა არ დაუწყია, პირიქით, მისი შევსებით იყო დაკავებული.

“მცურავ გაცვლით კურსთან დაკავშირებით, დიდი ჩარევა არ არის მისასალმებელი, რადგან საბოლოოდ მაინც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს მას და მისი აღმოფხვრა რეზერვების ხარჯვით ვერ ხდება,” – განაცხადა “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ რადიო “ფორტუნასთან”.

თუმცა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ “მცურავი კურსი” არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით “ცურავდეს” და თუ გამყარების დროს, რეზერვების შევსება ხდება, გაუფასურების დროს მისი გახარჯვა უნდა მოხდეს.

“როცა ამბობენ, რომ ქვეყანაში თავისუფალი მცურავი კურსია, მაშინ როდესაც ლარი მყარდებოდა ზაფხულში, ხელი არ უნდა შეეშალათ. როცა ლარმა შესუსტება დაიწყო, მაშინ მას აძლევენ დასუსტების საშუალებას. ვის გაუგია თავისუფალი ცურვა ერთი მიმართულებით?

დღეს ლარს მართვადი მცურავი კურსი აქვს და ცალკეულ შემთხვევებში, როცა დიდი რყევების სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ეროვნულმა ბანკმა მის შესარბილებლად რეზერვები უნდა გამოიყენოს. მეტი ფუნქცია ინტერვენციებს არ აქვს. სავაჭრო ბალანსში წარმოქმნილი დისბალანსი რეგულირდება მოქნილი კურსით, თუ ეს სხვა ფაქტორებით არის განპირობებული, რეზერვების გამოყენებაა საჭირო,” – განმარტავს რომან გოცირიძემ “ფორტუნასთან”.

ამ დრომდე ლარის კურსის გაუფასურება რეგიონში მიმდინარე პროცესებს ბრალდებოდა. თუმცა, როგორც კი ეს პრობლემა მოიხსნა, ნავთობის ფასი გაიზარდა (რაც რუსეთის ეროვნულ ვალუტაზე დადებით გავლენას ახდენს) და თურქეთში “გაქცეულმა” ლირამ დასტაბილურება დაიწყო, გამოჩნდა ის სხვა მიზეზები, რაც ქართულ ეკონომიკაზე და შესაბამისად, კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ლარის კურსი სავალუტო ჯიხურებში 18.10.18

ფაროსანამ ლარიც შეჭამა

როგორც “ფორტუნას” “საზოგადოება და ბანკების” ერთერთმა დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა, ფაროსანამ მოსავალის გარდა ლარის კურსის ნაწილიც “შეჭამა”.

“ერთერთი ფაქტორი, რაზეც ვფიქრობ მე, არის თხილის მოსავალი. შარშან 80 მლნ დოლარით ნაკლები თხილი გავიდა ექსპორტზე. ფაროსანამ მნიშვნელოვნად დააზიანა, არა მხოლოდ მცენარე, დააზარალა ჩვენი ექსპორტი და შესაბამისად, ლარის კურსი. წელსაც, ჩემი ინფორმაციით, გაცილებით ნაკლები მოსავალი იყო, ვიდრე ჩვენ ამას მივეჩვიეთ.

თხილის მოსავალი ისეთია, რომ ექსპორტიორები როგორც კი ყიდიან თხილს, მაშინვე ახურდავებენ და გამოდის ეს ფული ბაზარზე, შესაბამისად, ამანაც შეიძლება მიაყენა ზიანი ჩვენს უცხოურ ვალუტას. ამას უფრო ზუსტად თვის ბოლოს ვნახავთ, როცა მონაცემებს გავიგებთ,” – განაცხადა გიორგი კეპულაძემ “ფორტუნასთან”.

ლარის სეზონები

რაც შეეხება ლარის სეზონური გაუფასურების ტრადიციას, ეს საქართველოში 2013 წლიდან დამკვიდრდა.

ექსპერტების თქმით, მოლოდინები კურსზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ყველამ იცის, რომ შემოდგომიდან კურსი გაუფასურებას იწყებს, გაზაფხულიდან კი, დასტაბილურებას.

“არ არის გამორიცხული, რომ მოლოდინების დასტაბილურების შემდეგ, კურსიც დასტაბილურდეს” – ამბობს კეპულაძე და განმარტავს, რომ ამაზე მხოლოდ ვარაუდია შესაძლებელი, რადგან როდემდე გაგრძელდება კურსის გაუფასურება, რა ნიშნულს მიაღწევს ის და იქნება თუ არა რაიმე მკვეთრი რყევები, ამის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია.

თუმცა, ვინც “ლარის ტრადიციებს” ალღო აუღო, ამგვარი “სტაბილურობით” სარგებელსაც ნახულობს.

ლარის კურსზე რომ მოლოდინები დიდ გავლენას ახდენს, ამ პოზიციაზეცაა ეროვნული ბანკიც. რაც შეეხება საპასუხო ნაბიჯებს, სებ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამაში ხელოვნურად არ ჩაერიოს და ლარის მერყეობას დედოლარიზაციის პოლიტიკით ებრძოლოს.

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ განაცხადა, რომ ლარს მერყეობისთვის სერიოზული ფაქტორი არ გააჩნია

“სამწუხაროდ, ლარს ასეთი რყევები ახასიათებს. ამაზე ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება. ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება,“ – განაცხადა მურთაზ კიკორიამ.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოლოდინები არაფერ შუაშია და ლარის გაუფასურების მიზეზი ესეც რომ იყოს, მოლოდინების მართვა შესაძლებელია და ეროვნული ბანკის ერთერთი ფუნქციაც სწორედ ეს არის.

“როცა 4 წლის განმავლობაში, ერთი და იმავე დროს, ერთნაირი რაღაც ხდება და ამის ნეიტრალიზებას მთავრობა და ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს, ეს ნიშნავს, რომ ან არიან არაკომპეტენტურები ან ეკონომიკის სტრუქტურა არის ისეთი, რომ რეალურად არიან მძევლები თავიანთი ცუდი ფინანსური და მონეტარული პოლიტიკის. 

ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, როგორც ნარკომანი ზის ნემსებზე, ისე დასვა კომერციული ბანკები, რეფინანსირების ნემსებზე. 

პარალელურად, ბიუჯეტში რჩება ნაშთები, რომლებსაც კომერციულ ბანკებს აძლევენ, ეს ნაშთები კი ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვის გამო რჩება,” – ამბობს გოცირიძე.

სეზონურობის მიუხედავად, ლარი ძველ ნიშნულს, როგორც წესი, აღარ უბრუნდება ხოლმე. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება. ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიზანი ახლა ის არის, ლარის კურსი ამ ნიშნულს მნიშვნელოვნად არ გასცდეს.

ლარის კურსის ცვლილება 2001 წლიდან 2018 წლამდე

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები