ლარის გამყარებული კურსი თუ შენარჩუნდება, იმპორტირებული პროდუქციის ფასები შემცირდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს. მისივე განმარტებით, კურსის გამყარების მაღალი ტენდენცია გვაქვს მაისში.
„ვნახოთ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმპორტიორები. რა თქმა უნდა, დღეს გამყარება დღესვე ვერ გააიაფებს პროდუქტს, თუმცა მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში, უნდა იმოქმედოს და ახალი პროდუქტი როდესაც შემოვა ბაზარზე, უნდა შემოვიდეს უკვე შემცირებული ფასით. ამ კუთხით მოლოდინები ნამდვილად გვაქვს. თუმცა, ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ ვერ ჩაერევა ფასის განსაზღვრაში და ეს ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში არ არის, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პროდუქტის იმპორტიორი, რა ფასად მოახდენს რეალიზებას. თუმცა, ვფიქრობთ, კურსის გამყარება მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო იაფად განახორციელონ რეალიზება უკვე საცალო გაყიდვების ნაწილში”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, დღეს, 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრებოდა. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8599 კურსით დაიწყო.