აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის უფრო მჭიდრო კოორდინაცია, რათა შოკურმა ელემენტებმა იკლოს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნოდარ ებანოიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
”ასეთ ვითარებაში, ვალუტის რყევებს შოკური ფაქტორები იწვევს. ბოლო დღეების სხვაობები, შეიძლება, არ იყოს მთლიანობაში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არის გარკვეული შოკური ელემენტები. მიუხედავად ამისა, მომდევნო დღეების განმავლობაში, რაიმე განსაკუთრებულ რყევებს არ ველოდები” – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.
როდის შეიძლება, ლარმა გამყარება დაიწყოს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ ვისაც სესხები დოლარში ჰქონდა აღებული, დარტყმა უკვე მიიღო. რაც ეხება ლარის მკვეთრად გაუფასურების მიზეზებს, უმრავლესობის დეპუტატი ამას გარე ფაქტორებით ხსნის.
”ძირითადი მიზეზი არის გარე ფაქტორები, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია ნავთობის ფასებმა, რამაც ბუნებრივია კრიზისი გამოიწვია იმ ქვეყნებში, სადაც ექსპორტს ვახორციელებთ და რომელი ქვეყნებიდანაც ხდება თანხების გადმორიცხვები. მაგალითად რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი განახევრდა. რეგიონში არსებული ვითარების გამო საქართველოში ექსპორტი და ფულადი გზავნილები შემცირდა, დაიკლო უცხოური ვალუტის შემოდინებამ, ბუნებრივია ეს აისახა ლარის გაცვლით კურსზე’ – განმარტა ებანოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არსებულ სიტუაციაში გამოსავალს ინვესტიციების მოზიდვასა და სტაბილური ბაზრების მოძებნაში ხედავს.
”არ ველოდები რომ კურსი კიდევ მაღლა წავა და მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. ამის წამალი ერთდერთია, რომ რაც შეიძლება სტაბილური ბაზრები უნდა მოვძებნოთ. მაგალითად, საქართველომ დაიწყო ურთიერთობები ჩინეთთან, ასევე ირანთანაც იხსნება ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აქტივობები ევროკავშირის ბაზრებზეც დაიწყოს და ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციები შემოვიდეს” – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.