ლამაზად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი ლამაზი არ არის, როგორც გესმით, – ამის შესახებ “ფორტუნასთან” ეკონომიკის ექსპერტმა, პაატა შეშელიძემ 10 წელიწადში ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლების თაობაზე, პრემიერმინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
ექსპერტების ნაწილს ინიციატივასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ელექტრომიბილებზე მოთხოვნის ხელოვნურად შექმნა სწორი არ არის და ეს კომუნისტური ტრენდია. ამასთან ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ ინიციატივის უკან გარკვეული პოლიტიკური მიზნები დგას და გამორიცხული არაა ეს ჰესების მშენებლობას უკავშირდებოდეს.
“აქაც შეიძლება სუბსიდირების გზით წავიდნენ. აკვიატებული შეხედულებების გამო, სხვა რამეების ხარჯზე ამის გაკეთება გონივრული არ არის. ამასთან, არ მომისმენია, რომ ვინმეს წარმოედგინოს რამდენი იქნება ელექტროენერგიის მოხმარება. აქ მნიშვნელოვანია, როგორ გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. არ შეიძლება ხელოვნურად შექმნა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, იმიტომ რომ მერე თქვა, რომ დიდი ჰესებია ასაშენებელი.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა: მოსახლეობის გადასახლება, უსაფრთხოება, კლიმატური ცვლილებები, რომელიც შეიძლება მოყვეს ჰესების მშენებლობას. მე მეშინია, რომ გაუაზრებელ ნაბიჯთან არ გვქონდეს საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა, ვიღაცის პირად ინტერესებთან გვქონდეს საქმე – დავდგეთ ჰესების აშენების აუცილებლობის წინაშე. დიდია იმის ალბათობა, რომ ამას ლობირებენ და ამაში ხელს ითბობენ,” – აცხადებს პაატა შეშელიძე.
სწორი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, არსებული ავტოპარკის გარკვეული ნაწილის ჩანაცვლების შესაძლებლობის სჯერა ეკონომიკის ექსპერტს რევაზ გერლიანს, თუმცა, ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებსაც ხედავს.
“სწორი პოლიტიკის შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა, რა პროცენტი ჩანაცვლდება, ეს მოქალაქეთა სტიმულზე იქნება დამოკიდებული. სტიმულის გარეშე მათი ჩანაცვლება ვერ მოხერხდება. მთავარი ფაქტორია ელექტრომობილების ღირებულება. დღეს მოსახლეობის ღარიბ ფენასაც კი ავტომობილი ჰყავს. საჭიროა იფიქრონ, სად შეიძლება ძველი მანქანა წავიდეს, თუ მას დარჩება, მუდმივად შეეცდება გამოიყენოს. მათი უტილირებისთვის კი მეეჭვება სახელმწიფოს რესურსი ეყოს, ამასთან პრობლემა იქნება ახალ ავტომობილებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც, ამ შემთხვევაში შესაძლოა, სახელმწიფომ რესურსი ფუჭად არ გაისროლოს და ძველი მანქანა მოქალაქეებმა დათმონ, რაღაც ფასად ახლის ყიდვის შემთხვევაში ჩათვლის კუთხით, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ეს იქნება საკმარისი და დანარჩენ ნაწილზე მოქალაქეებს მოუწევთ სესხის აღება და აქ პრობლემა იქნება ის მონეტარული ზღვრები, რომელიც არის დაწესებული,” – აცხადებს რევაზ გერლიანი.
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა უნდა აშენდეს, ხოლო 10 წელიწადში არსებული ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს.