LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი ტოტიკაშვილი თავისი მომზადებული გემრიელი კერძებით ოჯახის წევრებსა და სამეგობროს აკვირვებს: „დიეტაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ!..“

495
ლალი-ტოტიკაშვილი

ლალი ტოტიკაშვილი, გაგიკვირდებათ და თავის მოვლის არანაირ განსაკუთრებულ ხერხებს არ მიმართავს და მაინც მუდამ შესანიშნავ ფორმაშია. ლალი მიიჩნევს, რომ მეტწილად ეს მისი გენეტიკის დამსახურებაა.

საქმიანი ქალის დღის განრიგი დატვირთულია, თუმცა შაბათ-კვირა ყოველთვის შვილებისთვისაა.

ლალი, მუდამ არაჩვეულებრივად გამოიყურები და ამისთვის რას აკეთებ?

ვაიმე, არაფერს განსაკუთრებულს, ჩვეულებრივ დილის და საღამოს რუტინებს…

ყველა ლამაზი ქალი ამას მპასუხობს…

(იცინის)  ჩავარდნა მქონდა ვარჯიშის მხრივ და ახლა განვაახლე, კვირაში ორჯერ დარბაზში მწვრთნელის დახმარებით ვვარჯიშობ. არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე…

გულწრფელად ამბობ?

ყველაფერს მივირთმევ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამე გვიანაც თავისუფლად შემიძლია მივირთვა. ეს, მგონი, უფრო მეტად გენეტიკის დამსახურებაა -ორ კილოგრამს თუ არ ჩავთვლით, წონაში არასდროს მომიმატია. ვარჯიში ბოლო წლებშია დავიწყე და სისტემატურად ვერ დავდივარ, არ მგონია, წონა ვარჯიშის შედეგი იყოს.

 

ერთი ქალის ფასი თმა აქვსო, ეს გამონათქვამი ყველას გაგვიგია და შენ შეგესაბამება…

დიდი მადლობა. შამპუნისა და ბალზამის გამოყენების გარდა, წელიწადში ორჯერ სალონში თმის გამაჯანსაღებელ ნიღაბს თუ გავიკეთებ.

შენ ხარ საქმიანი ქალი, სამსახურს მიღმა, როგორი ხარ, რით ხარ დაკავებული, რა ინტერესის სფეროები გაქვს?

დროის დეფიციტი მაქვს. საღამოს ძალიან დაღლილი ვარ. შაბათ-კვირა შეიძლება ადამიანმა მოახმაროს საკუთარ თავს, მაგრამ ამასაც ვერ ვაკეთებ, რადგან ეს ორი დღე ოჯახისთვისაა – ბავშვების წაყვანა-წამოყვანა, რადგან კვირის დღეებში ვერ ვახერხებ. 17 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა მყავს. სახლის საქმეები, რომლებსაც მთელი კვირის განმავლობაში ვერ ვასწრებ, პროდუქტების მოტანა და მომზადება…

 

ანუ სამზარეულოში ტრიალებ?

საკმაოდ გემრიელად ვამზადებ. ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული კერძები. ბავშვებს უყვართ ჩემი მომზადებული პიცა, ჩემს სამეგობროს ძალიან უყვარს უზბეკური ფლოვი. როცა ახალ კერძს ვსინჯავ, რეცეპტს ვკითხულობ და შემდეგ სახლში ვცდილობ მომზადებას. ოჯახის შექმნის შემდეგ სულ მაქვს ეს თვისება. მიყვარს ახალი კერძების მომზადება და ახალი გემოების აღმოჩენა. ტრადიციულ კერძებსაც ვამზადებ, მაგრამ ამ პროცესით არ ვიხიბლები. უფრო მეტი ინტერესი ახალი კერძების მიმართ მაქვს. პანდემიის პერიოდში, როდესაც სულ სახლში ვიყავით და გარეთ არ გავდიოდით, დღეში სამ-ოთხ კერძს ვამზადებდი, სხვა საქმე არ მქონდა (იცინის).

ახსენე შენი 17 წლის შვილი, რომელმაც წელს დაამთავრა სკოლა. როგორი შეგრძნება გქონდა, როცა მიხვდი, რომ შენი შვილისთვის ახალი ეტაპი დაიწყო?

მივხვდი, რომ გაიზარდა. ძალიან ემოციური მომენტი იყო, გავიაზრე, რომ გაზრდილია და ცხოვრების ახალი ეტაპი დაეწყო. მანამდე ვფიქრობდი, რომ პატარა იყო. თურმე, ეს ძალიან ემოციური შეგრძნება ყოფილა.

 

შენს შვილებს შენი პოპულარობა ხომ არ აწუხებდათ?

ვერც აქცევდნენ ყურადღებას. პატარაობისას ვერც იაზრებდნენ. ალბათ, ახლა მოსწონთ. არასდროს მისაუბრია მათთან ამის შესახებ. ჩემგან უყურადღებობა არასდროს უგრძნიათ. სულ ვფიქრობდი, რომ ბავშვებთან მეგობრობა აუცილებელი იყო. პატარაობიდანვე ვექცეოდი, როგორც თანასწორებს, ვესაუბრებოდი ყველაფერზე, ბუნებრივად ჩამოყალიბდა მეგობრობა. ზოგადად, არ ვარ არც მკაცრი ადამიანი და არც მკაცრი დედა. შვილებთან ურთიერთობაში რბილი ვარ.

ყველაფერზე გესაუბრებიან?

კი, ეს იყო ჩემი მიზანი. ვფიქრობდი, რომ ის ჯაჭვი არ გაწყვეტილიყო, რაც მშობლებსა და შვილებს შორის ზოგჯერ წყდება ხოლმე. ჩვენ ყველაფერს ვუზიარებთ ერთმანეთს.

რა ეტაპი გაქვს ახლა ცხოვრებაში და როგორც ქალს, რა სურვილები გაქვს?

ვფიქრობ, მადლიერების გრძნობა დიდი რამ არის. მადლიერი ვარ იმით, რაც დღესდღეობით მაქვს. სიმშვიდის შეგრძნება ყველასთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც შვილები გყავს, მათ გეგმებსა და სურვილებზე უფრო მეტად ხარ გადართული, ვიდრე შენს სურვილებზე.

ისე, თავი ბებიის როლში წარმოგიდგენია?

(იცინის) ჯერ ვერა, ადრეა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები