ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრის მასშტაბი გაიზარდა – 10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლაილაშის მეწყრული სხეული და მიმდებარე ტერიტორია, ლაბეჭინას ქედით მორფოლოგიურად მკვეთრად არის გამოყოფილი მდ. რიონის ხეობის იმ არეალისგან, სადაც დაგეგმილია ქვედა ნამახვანი ჰესის მშენებლობა:
“აღსანიშნავია, რომ მეწყრული პროცესი მდ. რიონის მარჯვენა შენაკადის მდ. ლაჯანურის ხეობის მარცხენა ფერდობზე განვითარდა. მისი გავრცელების არეალი ქვედა ნამახვანი ჰესის საპროექტო წყალსაცავის დაბოლოებიდან, პირდაპირი მანძილით, დაშორებულია დაახლოებით 15 კილომეტრით, ხოლო კაშხლიდან დაახლოებით 24 კილომეტრით.
ამასთანავე, ლაილაშის მეწყრული სხეული და მიმდებარე ტერიტორია, ლაბეჭინას ქედით მორფოლოგიურად მკვეთრად არის გამოყოფილი მდ. რიონის ხეობის იმ არეალისგან, სადაც დაგეგმილია ქვედა ნამახვანი ჰესის მშენებლობა. ეს ორი ზონა, როგორც გეოლოგიური, ისე მორფოლოგიური პირობებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, ქვედა ნამახვანი ჰესის წყალსაცავის და მდ. ლაჯანურის ხეობის ფერდობებზე განვითარებული მეწყრული პროცესების ურთიერთზეგავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 24 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და ხანგრძლივმა წვიმამ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურება გამოიწვია. ჩამოშლილმა მეწყრულმა მასამ კი საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.