LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაციომ მუსოლინის შვილთაშვილი აიყვანა: რა შუაშია სოფი ლორენი და რას წარმოადგენს დედამისი

113
Screenshot 2021-02-04 105300

რომის „ლაციომ“ აკადემიიდან ერთ-ერთ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ამაში ყურადღება მისაქცევი არაფერი იქნებოდა, რომ არა ამ ბიჭის წინაპრები. ახალგაზრდა აღმოჩნდა ფაშისტი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილი.

„ლაციოში“ ამ ნათესაური კავშირის გამო არ წუხან. აკადემიის მენეჯერის მაურო ბიანკეზის თქმით, ერთადერთი მნიშვნელობა იმას აქვს, თუ როგორ თამაშობს ბიჭი და იმსახურებს თუ არა გუნდში ადგილს.

18 წლის რონამო ფლორიანი მუსოლინი მარჯვენა მცველია და ის რომაელთა აკადემიის აღზრდილია, ეს მისი პირველი კონტრაქტია. ის ორჯერ გამოიძახეს იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში.

ისევ ბიანკეზის მოვუსმინოთ:

„ის თავმდაბალი ბიჭია, არასოდეს წუწუნებდა, მაშინაც კი, როდესაც მთელი ორი წელი არ თამაშობდა. მე ის მომწონს. გამოცდილი არ არის, მაგრამ იმედისმომცემია. გვარი? არასოდეს მისაუბრია მის მშობლებთან და მთავარია როგორ თამაშობს. მეტი არაფერი“.

ამ სეზონში რომანომ 18 წლამდელთა ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა და ერთხელ ყვითელი ბარათი მიიღო.

მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელის ცნობილი დიდი ბაბუა სწორედ „ლაციოს“ ქომაგი იყო. კლუბი ბოლო წლებში ცდილობს ცალკეული ფანების ულტრამემარჯვენე შეხედულებებისგან დისტანცირება მოახდინოს.

 

 

სხვათა შორის, ცნობილი ადამიანები მარტო ფაშისტ დიქტატორზე არ მთავრდება. ბიჭს სახელი ბაბუის, ცნობილი ჯაზმენის რომანო მუსოლინის პატივსაცემად დაარქვეს. 1962 წელს უფროსი რომანო დაქორწინდა ანა ვილანი შიკოლონეზე, რომელიც თვით სოფი ლორენის და გახლავთ. ასე რომ, ახალგაზრდა ფეხბურთელი სახელგანთქმული მსახიობის ნათესავიცაა.

ახლა დედაზე – ალესანდრა მუსოლინი. ბაბუა ალბათ იამაყებდა მისით. ეს ქალი ნეოფაშისტური პარტიის დამფუძნებელია, ცნობილია მკვეთრი მემარჯვენე შეხედულებებით და ექსცენტრიული განცხადებებით. სხვათა შორის, ალესანდრას მემარჯვენე კოალიციისთვის ჰიმნი მამამისმა რომანომ დაწერა. მან 2004-ში წიგნიც გამოუშვა – “ჩემი მამა, დუჩე”.

2007 წელს ხმაური მოჰყვა ალესანდრას განცხადებას, რომ ყველა რუმინელი დამნაშავეა.

ის, რომ “ლაციოს” ახალწვეულს მუსოლინის გვარი აქვს სწორედ დედის დამსახურებაა. ალესანდრა დაახლოებით ერთი წელი ებრძოდა ბიუროკრატიას, რათა მისი სამი შვილისთვის (რომანოს ორი უფროსი და ჰყავს) ამ გვარის ტარების უფლება მიეცათ (იტალიაში იმ დროს არ შეიძლებოდა ბავშვებს დედის გვარი აეღოთ). მას არაერთხელ უთქვამს, რომ ამაყობს ბაბუით.

ალესანდრას ხელოვნებისკენაც ჰქონდა მიდრეკილება. ახალგაზრდობაში სოფი ლორენის მხარდაჭერით მსახიობობა სცადა. მაგალითად, გადაიღეს ეპიზოდურ როლში ფილმში “უჩვეულო დღე”, რომელიც 1977 წელს “ოსკარზეც” იყო ნომინირებული.

გარდა ამისა, მოდელადაც უმუშავოა, მათ შორის Playboy-სთვის.

 

ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ „ლაციოს“ გულშემატკივრების ნაწილი სწორედ ფაშისტური მიდრეკილებით გამოირჩევა, რასაც არაერთხელ მოჰყოლია სკანდალი. ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი იყო, როდესაც „ლაციო“- „კალიარის“ მატჩის შემდეგ, რომაელთა ტიფოზებმა ტრიბუნებზე ანტისემიტური და ჰომოფობიური პლაკატები დატოვეს. მათ შორის იყო ანა ფრანკის ფოტო, რომელზეც ფაშიზმის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გოგონა „ლაციოს“ საძულველი თანაქალაქელი მეტოქის, „რომას“ ფორმაში გახლდათ გამოწყობილი.

მაშინ „ლაციოს“ პრეზიდენტმა მთელი გუნდი შეკრიბა და სინაგოგაში წაიყვანა, ხოლო გუნდის 200-მდე ქომაგი აუშვიცის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში გაამგზავრა, რათა ახლოს გაცნობოდნენ ფაშიზმის საშინელებებს და ამით ბევრი რამ ესწავლათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები