LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევის თანახმად, 16 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების 50%-ს, ბოლო 1 წელში ერთი წიგნიც არ წაუკითხავს

123
წიგნები

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ, ასევე მწერალთა სახლმა 2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევა მოამზადა.

კვლევა წიგნის ბაზარს რამდენიმე მიმართულებით მოიცავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კი, წიგნის კითხვის ინტენსივობაა.

კვლევის თანახმად, გამოვლინდა, რომ მკითხველი მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) მინიმუმ კვირაში ერთხელ უთმობს დროს მხატვრულ თუ არამხატვრულ ლიტერატურას, საიდანაც 19% ინტენსიური, ყოველდღიურად მკითხველია.

მკითხველი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (23%) კი საკმაოდ იშვიათად, საუკეთესო შემთხვევაში კი, მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ კითხულობს.

კითხვის ინტენსივობას შორის განსხვავება აღინიშნება თბილისსა და რეგიონებში. მაგალითად, თუ დედაქალაქში მცხოვრები ყოველი 10 მკითხველიდან ​6 შედარებით აქტიურად, მინიმუმ კვირაში ერთხელ კითხულობს წიგნებს, რეგიონში ისინი უმცირესობაში არიან (44%).

კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხულთა მეხუთედი (20%) ყოველდღე ატარებს გარკვეულ დროს წიგნებთან, რეგიონის 14%-ის საპირისპიროდ. რეგიონში კითხვის ყველაზე გავრცელებული სიხშირე ორ-სამ თვეში ერთხელაა (22%).

თბილისში კონკრეტული ინტენსივობა ნაკლებადაა გამოკვეთილი. აქ მკითხველთა თანაბარი რაოდენობა კითხულობს როგორც ყოველ დღე (20%), ასევე 2-3 დღეში ერთხელ (19%) და კვირაში ერთხელ (20%).

მოცემული კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვლევი სეგმენტი იყო მკითხველები და მათი კითხვის ჩვევა, რომლის შესწავლის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • კვლევაში მონაწილე ქალაქების 16 + მოსახლეობის 50%-ს ბოლო 1 წლის მანძილზე არც ერთი წიგნი წაუკითხავს;
  • მკითხველი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მინიმუმ კვირაში ერთხელ უთმობს დროს მხატვრულ თუ არამხატვრულ ლიტერატურას, საიდანაც 19% ინტენსიური, ყოველდღიურად მკითხველია;
  • მკითხველებზე წასაკითხი წიგნის შერჩევისას ყველაზე მეტად ზემოქმედებს ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაცია, წიგნის შინაარსი და ანოტაცია და ძველი შთაბეჭდილება ავტორზე;
  • მკითხველთა 86.5% ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს. უფრო კონკრეტულად კი თანამედროვე ლიტერატურასა და კლასიკურ ნაწარმოებებს;
  • ყველაზე პოპულარული ჟანრი რომანია, რომელიც ყოველი 10 მკითხველიდან 6-სთვის ძირითადი საკითხავი ჟანრია;
  • თბილისის მოსახლეობის მიერ წაკითხული წიგნების საშუალო რაოდენობა 2-ჯერ უსწრებს რეგიონის მაჩვენებელს (15 წიგნი 7-ის წინააღმდეგ);
  • ქართველი მკითხველი საზოგადოება თანაბრად კითხულობს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილ წიგნებს;
  • გამოკითხულთა მიერ წაკითხული წიგნების მთავარი წყარო პირადი ან ოჯახის ბიბლიოთეკაა;
    მკითხველთა 67%-ს შეუძენია სხვადასხვა კატეგორიის ლიტერატურა 2020 წლის განმავლობაში;
  • მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას (86%) 200 ლარზე მეტი არ ჰქონია წიგნების შესაძენად გამოყოფილი გასულ წელს;
  • წიგნის რეალიზაციის ობიექტს შორის უპირობოდ ლიდერობს წიგნის მაღაზიები;
    მკითხველები წიგნს უმთავრესად მისდამი ინტერესის გამო იძენენ;
  •  მკითხველების მსგავსად, წიგნის მყიდველებს შორისაც მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებულთა წილი საგრძნობლად აღემატება არამხატვრულის მოყვარულებს;
  • გასულ წელს მხატვრული ლიტერატურის კატეგორიებიდან საზოგადოებას უმეტესად შეუძენია: თანამედროვე ლიტერატურა, კლასიკური ნაწარმოებები და საბავშვო წიგნები;
  • ემთხვევა მკითხველი საზოგადოების მიერ ყველაზე აქტიურად წაკითხული და შეძენილი ჟანრიც – მხატვრული პროზა, კონკრეტულად კი – რომანი;
  • გასულ წელს დიდ ქალაქებში მცხოვრებმა მკითხველებმა საშუალოდ 13 წიგნი შეიძინეს (უმეტესად ქართული და თარგმნილი);
  • მკითხველთა 44% მინიმუმ 2-3 თვეში ერთხელ სტუმრობდა წიგნის მაღაზიებს პანდემიამდე, ბიბლიოთეკას კი 14%.

ბიბლიოთეკაში სიარულისგან თავის შეკავების მთავარი მიზეზებია: დროის სიმცირე და საჭიროების არქონა;

მკითხველი მოსახლეობის მცირე ნაწილი (23%), რომელიც ბიბლიოთეკაში დადიოდა პანდემიამდე, მას ძირითადად წიგნის გამოსატანად, ადგილზე წასაკითხად ან სამეცადინოდ სტუმრობდა.

საინტერესო იყო იმის დადგენაც, რამდენად და რა მიმართულებით იმოქმედა კოვიდპანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა წიგნის ბაზარზე:

მკითხველთა ნახევარი (52%) კვლავ იმავე სიხშირით განაგრძობს კითხვას, როგორც მანამდე, მესამედმა გაააქტიურა კითხვის ინტენსივობა, 15%-მა კი შეამცირა.

პანდემიას ფაქტობრივად არ უმოქმედია მკითხველების მიერ წაკითხულ ლიტერატურაზე;

პანდემიის ნეგატიური გავლენა აისახა წიგნის შეძენაზე. მყიდველთა თითქმის ნახევარმა (48%) იმაზე ნაკლები წიგნი შეიძინა ამ პერიოდში, ვიდრე მანამდე, 41%-ზე მიმდინარე მოვლენებს გავლენა არ ჰქონია, 11%-მა კი გაზარდა შეძენილი წიგნების რაოდენობა;

წიგნის შეძენის არხებზე პანდემიას უმეტესად გავლენა არ მოუხდენია. მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ განიხილავს წიგნის შეძენას უახლოესი 1 წლის მანძილზე;

კვლევაში წერია, რომ მონაწილე გამომცემლობებზე, წიგნის მაღაზიებსა და დისტრიბუტორებზე პანდემიას საკმაოდ დიდი ნეგატიური გავლენა ჰქონდა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათი შემოსავალი.

„ეს განაპირობა როგორც კომპანიის შიგნით არსებულმა პრობლემებმა (ნაკლები მზაობა დისტანციურ მომსახურებაზე გადასასვლელად, ფინანსების არქონა ცვლილებების გასატარებლად, ახლებური სამუშაო პირობებისთვის არასაკმარისი კომპეტენცია, ა. შ.), ასევე გარე ფაქტორებმა (ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება, მკითხველების მხრიდან წიგნზე მოთხოვნის კლება, ა. შ.)”, – ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, კვლევის დასკვნით, შეიძლება ითქვას, პანდემიას გარკვეული დადებითი ეფექტიც ჰქონდა წიგნის ბაზარზე იმ მხრივ, რომ დააჩქარა კომპანიებში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სფეროს განვითარება თანამედროვე სამყაროში (ონლაინ მომსახურების დანერგვა, ვებგვერდების გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ა. შ.)