მეცნიერებმა შხამიანი მცენარისაგან მიღებული ანტივირუსული აგენტის, ,,თაფსიგარგინის” (TG) მეშვეობით ადამიანის უჯრედებში “სარს-კოვ-2″-ის სხვადასხვა შტამების გამრავლების შეჩერება შეძლეს. ლაბორატორიაში ვირუსის ამჟამად გავრცელებული ყველა ვარიანტის, მათ შორის დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც, ახალმა ანტივირუსულმა აგენტმა დიდი ეფექტურობა აჩვენა.
კვლევის პირველადი შედეგები ცნობილი ჯერ კიდევ თებერვალში გახდა, სადაც კვლევის ავტორები ამბობდნენ, რომ მიუხედავად ვირუსის მიერ განცდილი მუტაციებისა, TG შესაძლოა მაინც ძალიან ეფექტური საშუალება ყოფილიყო ვირუსთან საბრძოლველად. ჩატარებულმა ტესტებმა უჩვენა, რომ როგორც ინფიცირებამდე, ასევე მის შემდეგ TG-ის დოზის მიღებას SARS-CoV-2-ის ვარიანტების დაბლოკვა და ჩახშობა,შესაბამისად კი ორგანიზმის მხრიდან მძლავრი დამცავი პასუხის გამოწვევა შეუძლია. კვლევის ავტორთა თქმით, ახალი ანტივირუსული აგენტის ეფექტურობამ პაციენტთა იმ ჯგუფში, სადაც ის გამოიყენეს,საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 95 %-ით მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ისინი აცხადებენ იმასაც, რომ ყველა ხელმისაწვდომ მონაცემზე დაყრდნობით ცხადია ერთი – “თაფსიგარგინი” ვირუსის უჯრედში შეჭრის პრევენციას ვერ ახდენს, თუმცა ბლოკავს მისი გამრავლების გზებს და საერთო ჯამში, ორგანიზმი ვირუსთან ადვილად გამკლავებას ახერხებს.
გარდა ამისა, ახალ ანტივირუსულ აგენტზე კვლევების წარმოებისას დადასტურდა აქამდე არსებული ჰიპოთეზა დელტა შტამის მეტად გადამდებობის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ დელტა ვარიანტის გამრავლებისა და უჯრედიდან უჯრედზე გადადების მაჩვენებელი ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე კორონავირუსის ალფა ვარიანტის და ცხრაჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ბეტა ვარიანტის.
ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის პროფესორის კინ-ჩოუ ჩანგის განცხადებით, “თაფსიგარგინის” აღმოჩენა მით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მან ეფექტურობა დელტა ვარიანტის მიმართაც აჩვენა. პროფესორის თქმით, შემდეგი ნაბიჯი TG-საგან ნამდვილი მედიკამენტის შექმნაა, რასაც რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება.