LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: საქართველოში ყოველ მე-4 ქალს პარტნიორის მხრიდან ძალადობა განუცდია 

140
ქალთა მიმართ ძალადობა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს.

კვლევის თანახმად, შეისწავლეს როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება; რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, ამასთან, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით.

გაერო: ყოველ 11 წუთში ქალს ან გოგონას სექსუალური პარტნიორი ან ოჯახის წევრი კლავს

კვლევის ძირითადი მიგნებით:

საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. საქართველოში ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.

  • 24%-ს — ფსიქოლოგიური ძალადობა გამოუცდია;
  • 8%-ს — ეკონომიკური ძალადობა;
  • 6%-ს — ფიზიკური ძალადობა;
  • 4%-ს — სექსუალური ძალადობა.

საქართველოში სექსუალური ძალადობა (18 წლამდე ასაკში) ქალების 5%-ს გამოუცდია. საქართველოში ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. შემთხვევების 45.8%-ს ბავშვი შესწრებია.

ამ ქალების 16.8%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე. საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ქალები ამბობენ, რომ ამ შემთხვევების:

  • 41% – ქუჩაში ხდება;
  • 28% — საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • 11% — სკოლაში ან უნივერსიტეტში;
  • 8% — სამუშაო ადგილზე.

საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია. 15-24 წლის გოგოები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ადევნების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე.

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციასთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, პარლამენტმა თემატური მოკვლევა დაიწყო

ეს ნეგატიური გამოცდილება გოგოებს შემთხვევების 89%-ში კაცებისგან მიუღიათ, 57.5%-ის შემთხვევაში კი – უცნობისგან.

საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიიჩნევენ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა: ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

ქალების უმრავლესობა გამოცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს:

  • ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია;
  • რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-იდან 2 ქალს უთხოვია;
  • პოლიციისთვის კი 10-იდან 1-ს მიუმართავს.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის „გაერთიანებული ძალისხმევით გაძლიერდეს სვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“ შესრულებაში დაეხმარა.

აღნიშნული რეკომენდაცია ევროსაბჭომ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში შესრულებულ პუნქტად ჩათვლა. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის წარმოება და მონაცემთა რეგულარული შეგროვება ცხადყოფს, რომ საქართველო სტამბოლის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

ეროვნული კვლევა საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით მომუშავეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“. – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.