საქართველოს პრემიერმინიტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცებას განცხადებით გამოეხმაურა.
“დღეიდან ქვეყანას აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სტაბილურობასა და პლურალიზმს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში, შესაბამისად, გამორიცხავს ავტოკრატიას.
ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში – საკონსტიტუციო კომისიას, პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ექსპერტებს, საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, ყველას, ვინც მონაწილეობდა საყოველთაო განხილვებში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვენეციის კომისიას, პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მთელ ამ პროცესში და ძალიან დადებითი შეფასება მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა კონსტიტუციის გაჯანსაღებაზე” – ვკითხულობთ განცხადებაში.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად:
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“;
ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები საკითხებს არეგულირებს.
საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია;
პრინციპული ხასიათის ცვლილება ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ხდება ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება. შესაბამისად: „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“ ბონუსის სისტემის გაუქმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან ხდება რამდენიმე პუნქტის ამოღება. აღნიშნული ცვლილებით ხდება მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ;
50-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება, კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით -„საარჩევნო კოლეგიის წევრით“;
ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება;
კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ეხება.
ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი“ ახალი ტერმინით, ”საარჩევნო კოლეგიის წევრით“ შეიცველბა.