კუს ტბის საბაგირო რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ აგვისტოს დასაწყისიდან ისევ ამოქმედდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია საბაგირო გზის აღსადგენად მილიონ ასი ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც რადიო ”ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, საბაგირო სამსახურის უფროსმა ზურაბ ზურაბიშვილმა განუცხადა, მთავარი და განსაკუთრებული მოთხოვნა, საბაგირო გზის მართვის პულტის თანამედროვე სისტემით შეცვლა იყო. ასევე, დაიკიდება შვეიცარული გამწევი ბაგირი, რაც მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. უკვე განხორციელდა კუს ტბის საბაგირო გზის, გამწევი ბაგირის შესაბამისი კვლევა და დადგინდა, რომ მისი ექსპლუატაცია კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაშია დასაშვები და უსაფრთხოა.
კუს ტბის განახლებული საბაგირო გზით, მსურველებს ორი გონდოლა 7-8 წუთის ინტერვალით მოემსახურება. წინასწარი ინფორმაციით, საბაგირო გზა დასაწყისისთვის, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს, თუმცა მგზავრთა მოთხოვნის შესაბამისად დრო შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.
რაც შეეხება კუს ტბის განახლებული საბაგირო გზის საფასურს, როგორც ზურაბ ზურაბიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ღირებულების განსაზღვრა მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა სავარაუდოდ საბაგირო გზით მგზავრობა 1 ლარი ეღირება. კუს ტბის საბაგირო გზა 2009 წლამდე სოზონურად მუშაობდა, თუმცა მისი რეაბილიტაციისა და უსაფრთხო მუშაობისთვის მერიამ 2010 წლიდან საჭირო თანხა ვეღარ გამოყო.