შუახევში, კურორტ „გომარდულთან“ დაკავშირებული პრობლემური საკითხები დარეგულირდა და ახლო მომავალში “გომარდული” ვიზიტორების მიღებას შეძლებს.
ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პარტარაძემ განაცხადა.
„გომარდულის“ პოპულარულ კურორტად გადაქცევას ხელს შეუწყობს ასევე, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომელზედაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შეხვედრებს მართავს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად შუახევში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
შუახევის მუნიციაპლიტეტი მაღალმთიან აჭარაში ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესით გამოირჩევა, რასაც ცხადყოფს სოფლად არსებულ სასტუმრო სახლებში 2016 წელს არსებული ღამისთევების სტატისტიკაც.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს კერძო და სამთავრობო სტრუქტურების მობილიზება იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონს მუნიციპალიტეტი მომზადებული შეხვდეს.
ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ შიდა სასოფლო და თემებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე.
შუახევის მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებული სიახლეები. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტ „ამაგის“ მნიშვნელობას, რომელიც მუნიციპალიტეტებში „აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების“ ჩამოყალიბებას და სოფლის მეურნეობაში მათ აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
როგორც აღინიშნა, მსგავსი გაერთიანება უკვე შუახევშიც არსებობს. მათი წევრები თემების მიხედვით საჭიროებების იდენტიფიცირებას ახდენენ და ეხმარებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს საჭიროებები ასახონ არსებულ პროგრამებში.
„ამაგის“ წევრები უშუალოდ იქნებიან ჩართულები ასევე იმ აგრარული მომსახურების ცენტრების მუშაობაში, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობას.