LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტი ბეშუმი სეზონს წყალმომარაგების ახალი სიტემით ხვდება

168

კურორტი ბეშუმი სეზონს წყალმომარაგების ახალი სიტემით ხვდება. როგორც ”ფორტუნას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების 90% შესრულებულია. 20 ივლისს კურორტის აღნიშნულ ნაწილში წყალი სატესტო რეჟიმში გაუშვეს, რის შემდეგაც დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამ დროისთვის უკვე გამოსწორებულია.

სამუშაოები გრძელდება დამატებით ორ უბანზე, სადაც ერთგან სასმელი წყლის მიწოდება ორ დღეში იქნება შესაძლებელი, მეორე უბანზე კი 5 დღეში. ასევე დაგეგმილია საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც.

ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცის სამუშაოების განსახორციელებლად შპს B&B-სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება კურორტის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მას შპს TUSKI GEOLOGY GROUP-ი ახორციელებს. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი. შესრულებულია სამუშაოების 60%. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 500 მეტრი სიგრძის კანალიზაციის მილისა და 40 ერთეული საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოები.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წლის სხვა პერიოდში ვერ ხერხდება, გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კურორტის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და ჰპირდება, რომ სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები