„რუსთავი 2“-ის „კურიერის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი ხშირად მუშაობს ცხელ წერტილებში.
ის „სარკესთან“ ინტერვიუში იხსენებს სამ მომენტს, როდესაც სიკვდილს გადაურჩა:
„ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. ერთი – 20 ივნისის აქციის დაშლა რუსთაველზე, როდესაც რეზინის ტყვია მომხვდა. ძალიან მძიმედ ვიყავი და ექიმებს არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი. ტყვია არტერიასთან ძალიან ახლოს მომხვდა, სერიოზული დაზიანება მქონდა და მკურნალობას დღემდე გავდივარ.
მეორე შემთხვევა იყო ყარაბაღში. მე და ჩემი ოპერატორი ხიდზე უნდა გადავსულიყავით, ხიდის მისადგომებთან 3 წუთი გავჩერდი და ის ხიდი დაიბომბა. რომ არ გავჩერებულიყავით, ჩვენც ავფეთქდებოდით.
მე და ჩემი ოპერატორი ნიკა ლეჟავა სულ ვამბობთ, რომ ჩვენთვის სამი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყარაბაღის შემდეგ კიდევ გვქონდა სამწუთიანი ისტორია, როცა ცოცხლები გადავრჩით. ლვოვის რკინიგზის სადგურიდან გამოვედით თუ არა, 3 წუთში დაიბომბა იქაურობა. თუ ჩემს ცხოვრებას გადავხედავთ, ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ“.