„ბევრი ჭორი დადის, ბევრი მითქმა-მოთქმაა. ითქვა, რომ თქვენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონფლიქტი იმიტომ მოხდა, რომ თქვენ მახათას მთა არ გადმოგეცათ“, – ამ განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზვიად კუპრავამ თბილისის საკრებულოში მისულ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა.
კუპრავას საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძისა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი მაისური ეცვა.
„ერთი წელი გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, თუ თქვენი მაისურით მოვიდოდი და მაისურზე თქვენ იქნებოდით, მაგრამ რას იზამთ, ყველაფერი ხდება, აქ თქვენ არ ხართ მხოლოდ აქ, მაისურზე თქვენ გვერდით მიხეილ სააკაშვილია, იმ დროინდელი ფოტოა, როცა თქვენ მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიური მხარდამჭერი იყავით.
პირველი კითხვა, რა მოხდა იმ პერიოდში, ბევრი ჭორი დადის, ბევრი მითქმა-მოთქმაა. მაგალითად, ითქვა, რომ თქვენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა იმიტომ, რომ თქვენ არ გადმოგეცათ მახათას მთა და ამასთან დაკავშირებით მოგივიდათ კონფლიქტი. ეს რომ დავაზუსტოთ და მეორე კითხვა, აბსოლუტურად მორალურ ჭრილში მინდა გესაუბროთ და თქვენგანაც მორალურ ჭრილში მინდა პასუხი.
2021 წლის არჩევნების პერიოდში, ბანერებზე ქალაქის მასშტაბით იყო წარწერები – მე კალაძის გუნდის წევრი ვარ. ამ ბანერებზე და ბილბორდებზე იყო ბატონი ავთანდილ ცინცაძეც. რომ იცოდეთ, თქვენი გუნდის წევრები დარბიან ახლა სასამართლო-სასამართლო, პროკურატურა – პროკურატურა, კუპრავამ მცემაო, იძახიან. სინამდვილეში არ მიცემია ეს ხალხი, იბრალებენ და იქნებ ამ საკითხით დაინტერესდეთ.
ვიცი, რომ თქვენ მორალურად შეგიძლიათ საუბარიც მეგობრებთან, აზროვნებაც მათ შორის, სამტრედიელი კაცი ბრძანდებით, გაგება გაქვთ, მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენ კოლეგებს გასაუბრებოდით, განსაკუთრებით, ავთანდილ ცინცაძეს.
ხელში მიჭირავს ერთი გაზეთი, სადაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით თქვენი განცხადებები ამოვიკითხე, ისეთი რაღაცები, რაც მათ შორის, ტელევიზიით არ გასულა, ამას მოგაწვდით, თუ გექნებათ სურვილი, წაიკითხეთ, გაეცანით, ეს დამოკიდებულება არასერიოზულია. მესმის, რომ ემტერებით ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში აბსოლუტურად გაუგებარია მსგავსი დამოკიდებულება თქვენი მხრიდან.“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.