LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში რეორგანიზაცია განხორციელდა – გაუქმდა 6 სამსახური და გათავისუფლდა 40-მდე თანამშრომელი

105
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში რეორგანიზაცია განხორციელდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადმინისტრაციულ სამსახურს შეუერთდა. აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნული სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ბექა ბარამიძემ კი აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მას სააგენტოს დატოვება მოუწია.

„სააგენტოში აღარ ვარ. რამდენიმე სამსახური ერთმანეთს შეერწყა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადმინისტრაციულ სამსახურში გაერთიანდა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას რომელიმე თანამშრომელი შეითავსებს, მაგრამ ეს უკვე ახალი ადმინისტრაციის გადასაწყვეტია და მათ უნდა ჰკითხოთ“, – განუცხადა ტვ „ფორმულას“ ბარამიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადების თანახმად, სააგენტოს რეორგანიზაცია გასული წლის 25 ნოემბერს დაიწყო და 15 იანვარს ახალი საშტატო განრიგი ამოქმედდა.

სააგენტოს განცხადებით ირკვევა, რომ რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას ისახავდა, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას.

„რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა“. – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რომ სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

„აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა.

კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული.

ამასთან, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური), ვინაიდან, დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ არსებობდა სამსახური, რომელიც განახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო/ვიდეო ფიქსაციას, არტეფაქტების ტექნიკურ კვლევასა და დიაგნოსტიკას კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და ა.შ.

ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას.“ – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.