LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრო ივანე ხუციშვილს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს

53
ivane

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ივანე ხუციშვილი დაინიშნა. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

ივანე ხუციშვილმა განათლება თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, დრამის რეჟისურის მიმართულებით. ის ამჟამად ამავე უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგია.

ივანე ხუციშვილს სხვადასხვა წელს დადგმული აქვს სპექტაკლები ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის თეატრში, მესხეთის თეატრში, „სილქ-ფაქტორი სტუდიოს“ აბრეშუმის თეატრში, თავისუფალ თეატრში, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, სამეფო უბნის თეატრში და სხვა. რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლებს შორის არის: „ქეთო და კოტე“, „სამს პლუს სამი“, „ხედი სასტუმრო საქართველოდან“, „რა დროს შექსპირია“, „მაკბეტი“ და სხვა.

გარდა ამისა, ივანე ხუციშვილს სხვადასხვა პერიოდში დადგმული აქვს არაერთი ღონისძიება: საახალწლო გალა კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (2019 წ.), მარიკა კვალიაშვილის შემოქმედებითი საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში (2019 წ.), „რუსთავქალაქობა – 2015“ და სხვა. მის მიერ შესრულებული როლებია: პირველი მოწაფე, სპექტაკლში „სერობა“ (მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი ქ. დოლიძე), ლექსო, სპექტაკლში „ბამბაზიის სამოთხე“ (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი გ. სიხარულიძე), გაგა, სპექტაკლში „ხვალ შობაა“ (ცვლილებების თეატრი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორი. გ. სიხარულიძე) და სხვა. ივანე ხუციშვილს 2015 წელს მიღებული აქვს „საუკეთესო რეჟისურის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „რა დროს შექსპირია“, 2014 წელს – სპექტაკლისთვის „მაკბეტი“ გადაეცა ჯილდოები „საუკეთესო რეჟისურა“ და „საუკეთესო სპექტაკლი“, ხოლო 2011-2013 წლებში – „საუკეთესო სპექტაკლის“ ჯილდო სპექტაკლისთვის „საძაღლე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები