ის–ის იყო საქართველომ დაასრულა 30 წლიანი საბჭოთა ეპოქა, როგორც იქნა განვითარების გზას დაადგა, ჩვენს ტვინსა და ცნობიერებაშიც ნელა, მაგრამ სასიკეთო ცვლილებები დაიწყო და ზუსტად ამ დროს ჩავრთეთ ტელევიზორი და დავინახეთ ის, რასაც 30 წელი ვებრძოდით, საიდანაც ათწლეულებია თავის დაღწევას ვცდილობთ – საზეიო ვითარებაში ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა.
ბოლო მომენტამდე ყველას: მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ალბათ საერთაშორისო პარტნიორებსაც ეგონათ, რომ ამ სურათს საქართველოში აღარ ვნახავდით. არადა, არათუ ერთპარტიული პარლამენტი ვნახეთ, მიმდინარე კვირიდან უკვე კომიტეტების დაკომპლექტება, თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევა და სხვა ასეთი რუტინული პოლიტიკური პროცესებიც დაიწყო.
აქამდე ვსვამდით შეკითხვას: ხომ არ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს – ეს უკვე მივიღეთ. შესაბამისად, შეიცვალა კითხვაც: მოგვიწევს თუ არა შემდეგი ოთხი წელი საბჭოთა საქართველოში ცხოვრება თუ მოახერხებს ოპოზიცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მმართველ გუნდთან შეთანხმებას და გამოვა თუ არა ქვეყანა კრიზისიდან. ამაზე ოპოზიცია სულ გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზეა”. არ ვიცი, რამდენად გრძნობს მმართველი გუნდი ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ იმას კი ნამდვილად გრძნობენ, რომ საათში ერთხელ ბრიფინგები ატარონ, არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკონ, ოპოზიცია გარეჯის გაყიდვასა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაში პირდაპირ დაადანაშაულონ და მათ ისევ “ნაციონალური მოძრაობის” კლასტერი ეძახონ.
“მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ. არის „ნაციონალების“ პატარა “კლასტერი“, რომელიც თავის ბუნებით არაჯანსაღია. სწორედ, მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები პირველი სხდომის წინა დღეს…
როდესაც შენ გაქვს გაყიდული დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, და მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის სამარცხვინო და მერე მეგობარ ელჩებს აბრალებ… ასეთი ოპოზიციის ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში“, – ამბობს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მის ამ განცხადებაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ კობახიძე პროფესიით იურისტია და ალბათ , მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმცია.
რადგან მმართველი გუნდი ისევ ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის, ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამაზე ოპოზიციაში.
რადიო “ფორტუნა” სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს ესაუბრა. გიორგი ვაშაძე ამ ვითარებიდან გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს.
“გამოსავალი არის მოლაპარაკებაში, შეთანხმებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკების გაგრძელებას. დროა, ყველამ ამ პროცესის ადეკვატური შეფასება გავაკეთოთ. ისეთი შეთავაზება უნდა იყოს, რაც ჩვენი მხარდამჭერებისთვის, ყველასთვის მისაღები იქნება. მინიმუმ ვადამდელ არჩევნებთან უნდა იყოს რაიმე კავშირში. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ არის, სხვაგან ხდება ყველა დისკუსია და ეს კიდევ უფრო მძიმეა ქვეყნისთვის, მისი სტაბილური განვითარებისთვის. ვფიქრობ, ოცნების ამჟამინდელი სიმყარე მოჩვენებითია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათზეა ეს პასუხისმგებლობა. ჩემი, როგორც ოპოზიციონერი ლიდერის პასუხისმგებლობაა, რომ დავიცვათ დემოკრატიული განვითარების პრინციპები. ჩვენ თუ ახლა თავს დავუხრით ყველაფერზე, გამოდის, რომ სტანდარტად წესდება ის, რაც ახლა ხდება. აუცილებლად უნდა გადადგას მეორე მხარემ ნაბიჯები, ჩვენ ყველა ტიპის საკითხს განვიხილავთ.
ჩვენ დავინტერესდით, რას ნიშნავს, “ქართული ოცნების” ლიდერის თავდასხმა “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარეზე და ამ კითხვით “გირჩის” ლიდერს მივმართეთ.
“არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ოქმების პარალელურ დათვალზე. ეს ვერ ადგენს არჩევნების დროს დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილს. ის ადგენს იმას, რომ უბნებზე რაღაც მოხდა და რაღაც ვერ დააჯამეს. ამით გაყალბების მასშტაბი ვერ დადგინდება. ის, რომ იყო დაშინების, მოსყიდვის ფაქტები, ბიულეტენების დიდი რაოდენობა, ამას პარალელური დათვლა ვერ ადგენს. ამიტომ “ოცნების” მხრიდან აქცენტის გადატანა, რომ პარალელური დათვლითაც მოვიგეთ და ეს უნდა აღიარონ, არასწორია.
ამ ხელისუფლებას ჰქონდა ორი ვადა. თუ რამის გაკეთება შეეძლოთ და უნდოდათ, უნდა გაეკეთებინათ. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა არის არჩევნები. ახლაც ერთადერთი გზა არის ხელისუფლების შეცვლა. ოცნებამ უნდა დათმოს ხელისუფლება, რომ ხალხში გაჩნდეს იმედი, რომ ქვეყანა შეიძლება ჭაობიდან ამოვიდეს” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
რადიო “ფორტუნა” საერთაშორისო ექსპერტს – გიორგი რუხაძესაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ მას აზრი არ შეუცვლია და ისევ ფიქრობს – თუ ოპოზიცია მყარად დადგება, დასავლეთი ზეწოლას უკვე “ქართულ ოცნებაზე” გააძლიერებს.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ როგორც კი ეს პარლამენტი შედგება ერთპარტიულად და სხვა შანსი აღარ იქნება, შემდეგ უკვე დასავლეთი „მიაწვება“ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ახალი არჩევნებისკენ წავიდეს, იმიტომ რომ გამორიცხულია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აიტანოს ერთპარტიული პარლამენტი, ახლაც იმავეს ვფიქრობ“, – ამბობს გიორგი რუხაძე.
რაც შეეხება მოლაპარაკების შემდეგ რაუნდებს, ჯერჯერობით უცნობია, ის როდის გაიმართება. ამ დრომდე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ელჩებს ისევ ცალ–ცალკე შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თქვეს, რომ მათ საერთაშორისო პარტნიორებს საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გააცნეს.