კორონავირუსული პანდემიის გამო იპოთეკური სესხით სარგებლობას მომხმარებელთა დიდი ნაწილი ვერ შეძლებს. ამის შესახებ “ფორტუნას” ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხის გასაცემად პირობები გაამარტივა, სესხით სარგებლობა ბევრისთვის მაინც რთული იქნება, აღნიშნულის მიზეზი კი თავად ბანკების გამკაცრებული მოთხოვნებია.
“რა თქმა უნდა, შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იპოთეკური სესხით სარგებლობას შეძლებს, მაგრამ პრინციპულია, რომ გასული, 2019 წლის ზაფხულში იპოთეკური სესხებთან მიმართებაში ცვლილებები განხორციელდა და გარკვეულწილად მიდგომები გამარტივდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 15 აპრილიდან ძალაში შევიდა რეგულაციის მეორე ცვლილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამარტივა სესხის გაცემის პირობები. თუმცა დღეს, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ კრიზისიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, ბანკებს უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვთ მსესხებელთან, ვიდრე რეგულაციაა”, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოს მთავრობა, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხების 4 პროცენტს დაასუბსიდირებს. აღნიშნული ინიციატივა უახლოეს დღეებში ამოქმედდება. პროგრამის ბიუჯეტი მთლიანობაში 70 მილიონი ლარია.
ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდია:
- მათ, ვინც სესხი 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღო.
- ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 ათას ლარამდე სესხის აღებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სესხის სუბსიდირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფო სუბსიდირებას ვადაზე ადრე შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა).