პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ სასტარტო პოზიციებს, რაც 2019-2020 წლებისთვის ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოახერხოს „სწრაფი ეკონომიკური აღდგენა“.
რეფორმების გადავადებას არ ვაპირებთ: გახარია
პასუხობს თუ არა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამა არსებულ გამოწვევებს და რა ნაბიჯები იგეგმება კრიზისის დასაძლევად?
რადიო “ფორტუნა” თსუ-ს პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი გეგმა პასუხობს თუ არა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას და დღეს არსებულ გამოწვევებს?
როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უნდა გავითვალისინოთ, რომ დღეს შექმნილი კრიზისი არ არის წმინდა ეკონომიკური ხასიათის, ეს გამოიწვია პანდემიამ. კრიზისის დასრულების მექანიზმი არის მხოლოდ მედიცინაში, როცა მედიცინა დაძლევს პანდემიას. აქედან გამომდინარე ზუსტი რეცეპტები, როგორი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია. ეს ფენომენი, რის წინაშე დღეს ვართ, აბსოლიტურად შეუცნობელია.
ამ შემთხვევაში, მთავრობის უმთავრესი ფუნქცია არის მოსახლეობის სოციალური მხადაჭერა და ბიზნესისთვის გარკვეული შეღავათების მიცემა, რომ ბიზნესი არ გაკოტრდეს. ყველა ქვეყანა ამ შემთხვევაში იყენებს იმ რესურსს რომელიც გააჩნია. ჩვენ შესაძლებლობები გვაქვს და ამ შესაძლებლობების გამოყენებას ცდილობს მთავრობა. კრიტიკული შენიშვნა, მთავრობის ხედვასა და მის პროგრამასთან არ გამაჩნია.
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა დაიწყოს ფიქრი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე, გარდა სტრატეგიული საწარმოებისა. რეალურად თითქმის ყველა საწარმოს პრივატიაზაცია მოხდა. თქვენი აზრით, რომელ ობიექტებს გულისხმობდა პრემიერი და რამდენად შევინარჩუნებთ არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს?
ვფიქრობ, რომ აქ პრემიერმა ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულს. დანარჩენი საკითხი არის პოლიტიკური და ასევე ტექნიკური ხასიათის. პოლიტიკურს ვგულისხმობ, რომ კრიტერიუმი უნდა იყოს ობიექტის სტრატეგიულობასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამოდიოდეს ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების გეგმიდან, უსაფრთხოების გეგმიდან, კონცეფციიდან გამომდინარე.
ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ ობიექტებს, ეს იქნება ეკონომიკის სამინისტროს სამუშაო.
მნიშვნელოვანი განცხადება იყო დღეს გიორგი გახარიას მხრიდან საგადასახადო შეღავათების დაწესება. შეღავათებს ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში ბიზნეს სექტორი ითხოვდა. თქვენი აზრით, რომელ გადასახადებს შეეხება ცვლილება და რამდენად სწრაფად აისახება შედეგი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე?
ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ვერაფერი ვერ აისახება, სანამ არ დამთავრდება კრიზისი და კრიზისის დამთავრების გასაღები ეკონომიკაში არ დევს. ეს არის მედიცინაში. კრიზისი ვერ დამთავრდება ერთ რომელიმე ქვეყანაში, ეს კრიზისი დამთავრდება პანდემიასთან ერთად, ეს არის გლობალური პრობლემა. ამის შემდეგ იქნება საუბარი ეკონომიკის აღმავლობაზე. მესმის, რომ მთავრობა არის ოპტიმისტურად განწყობილი. ჩვენც ასე უნდა ვიყოთ და რეალიზმის განცდაც არ უნდა დავკარგოთ, რადგანაც ეს კრრიზისი არ არის წმინდა სახის ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკა ამ შემთხვევაში მძევალია მედიცინის.
სავაჭრო ცენტრები, საწარმოები, რესტორნები ვერ მუშაობენ, ჩავარდა ტურისტული სეზონი. ბევრი მიმართულებაა სადაც სერიოზული კრიზისია და ასობით ათასი ადამიანი რჩება უმუშევარი. რა გამოსავალი აქვს ხელისუფლებას? შეზღუდვების დაწესება და ადამიანების ჯანმრთელობა თუ ეკონომიკა?როგორია არჩევანი?
ეს არჩევანი არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი ვარ და ჩემი დარგის პატრიოტი ვარ, ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა არის კრიტერიუმი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი და დაცული.
რაც შეეხება ეკონომიკას, ის ადამიანების კეთილდღეობისთვის გვინდა. მათი სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესებითვის. მთავარი კრიტერიუმია ადამიანის სიცოცხლე და მოსახლეობის ჯანმრთელობა.
როგორ ფიქრობთ მომავალ წელს როგორ შევინარჩუნებთ ვალუტის კურსს? ეყოფა თუ არა რესურსი საქართველოს ეროვნულ ბანკს?
ეროვნულ ბანკს რეზერვი აქვს, მთავარია არ დაუშვას შეცდომები, ისეთი ტიპის შეცდომები, რომელსაც პერიოდულად უშვებდა პანდემიის განმავლობაში და მანამდეც. ეხლა პანდემიამ გააშიშვლა და გაამწვავა. ეროვნული ბანკის რეზერვებში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია გონივრულად დაიხარჯოს.