LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისი, ფაქტობრივად, უკვე არსებობს, სუბსიდირება 99%-ით გადაწყვეტილია: ხორბლისა და ფქვილის 1 თვის მარაგი გვაქვს

179
puri_w_h

ხორბლისა და ფქვილის ფასის კიდევ გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო პურის ფასს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს და ამბობს, რომ სუბსიდირების საკითხს, სავარაუდოდ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

„დღეს პურის ფასზე ლაპარაკი არაა, შენარჩუნებული იქნება, მაგრამ შემდეგ გაძვირებას, რაც აუცილებლად იქნება, რადგან ხორბალიც გაძვირებულია, სახელმწიფო სუბსიდირებით დააზღვევს. ჩვენი სამიზნე დრო, რომ ხორბალი შემოვიტანოთ და მარაგები არ შეჩერდეს, დაახლოებით 1-ლი ივნისია. ეს ის დროა, როდესაც ახალი მოსავალი იწყება. ეს გარკვეულწილად გადაგვატანინებს კრიზისს, რომლის წინაშეც მსოფლიო აღმოჩნდება. თუმცა კრიზისი, ფაქტობრივად, უკვე არსებობს. სუბსიდირება 99%-ით გადაწყვეტილია. ვიცით, რომ მთავრობის შემდგომ სხდომაზე უნდა გავიდეს ეს საკითხი. უბრალოდ პარამეტრებია დასადგენი, რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

ამასთან, სილაგავას განცხადებით, ამ ეტაპზე, ხორბლისა და ფქვილის 1 თვის მარაგი არსებობს. „ხორბალზე და ფქვილზე არის დაახლოებით 1 თვის მარაგი. ეს არის სტანდარტი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების თემაში სწორად ჯდება. მარაგი არ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მარაგი და მის ამოწურვას ველოდებით. მარაგი ნიშნავს იმას, რომ ხარჯვის პარალელურად შემოდის ის რაოდენობა, რაც იხარჯება. ეს არის სამუშაო პროცესი. ნაწილი შემოდის რუსეთიდან, რომელიც ძველი კონტრაქტებითაა გათვალისწინებული. ხელშეკრულება იდება მულტინაციონალურ კომპანიებთან, მათ შორის მათთან, ვინც რუსეთში მომუშავეები იყვნენ. მათ აქვთ პირობა, რომ შეასრულონ კონტრაქტები, რომელიც დადებული აქვთ. ასე რომ, რუსეთიდან მოდის, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩანაცვლება ხდება, შესაბამისად, ქვეყნები გადალაგებას აკეთებენ“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები