LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვი: ქალაქი, სადაც ცხოვრებაზე ყველა პოლონელი ოცნებობს

1136

კრაკოვის ოფიციალური სახელწოდება სამეფო დედაქალაქია (Stołeczne Królewskie Miasto Kraków), თუმცა რას არ ეძახიან – პოლონეთის კულტურული დედაქალაქი, ტურისტული დედაქალაქი, პოლონეთის ათენი და ა.შ. ეს არის ქალაქი, სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს, სადაც მოხვედრა ყველას სურს და აქედან წასვლა ნაღდად დაგენანება.

კრაკოვის დრაკონის შესახებ ლეგენდის მრავალი ვერსია არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ამბობს, რომ საშინელი დრაკონი ვაველის ბორცვის გამოქვაბულში ცხოვრობდა. თავად პოლონელები ამ გამოქვაბულს დრაკონის ორმოს (Smocza Jama) ეძახიან.

მოვლენები მეფე კრაკის (კრაკოვის ლეგენდარული დამაარსებელი, რომლის სახელის მიხედვით მიიღო კიდეც ქალაქმა სახელწოდება) მმართველობის დროს ვითარდებოდა. 

ყველაზე ძველი (XII ს) ლეგენდის მიხედვით, კრაკის დროს ქალაქში გამოჩნდა საშინელი ურჩხული, რომელიც ყველაფერს სრავდა.

ხალხი ბუნებრივია შეშინდა, მტაცებელი პირუტყვს იტაცებდა. კვირაში ერთხელ დრაკონისთვის მსხვერპლად საქონელი უნდა მიეტანათ, თუ არადა ის ადამიანებს სანსლავდა. ქალაქის ურჩხულისგან გადასარჩენად მეფემ თავისი ორი ვაჟი გაგზავნა. დრაკონის დამარცხება ვერ შეძლეს, ამიტომ ძმებმა ხერხს მიმართეს. მათ საქონლის ტყავი გოგირდით გამოტენეს, ყველაფრისჭამია ნადირმა ჩუჩელო გადაყლაპა და მოკვდა. დრაკონის სიკვდილის შემდეგ ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, ვერ გაიყვეს თუ ვის ეკუთვნოდა გამარჯვება. ერთ-ერთმა ძმამ მეორე მოკლა და სასახლეში დაბრუნებულმა მამას მოახსენა, რომ ძმა დრაკონთან ბრძოლაში დაიღუპა. თუმცა კრაკის გარდაცვალების შემდეგ სიმართლე გამჟღავნდა და მოღალატე ძმა ქვეყნიდან გააძევეს.

ჩვენს დროში კრაკოვის დრაკონს ყველგან შეხვდებით. სასახლესთან ახლოს ხომ ისევ დგას, გარდა ამისა, ის გამოსახულია სუვენირებზე, სათამაშოებზე, საოჯახო ნივთებზე და ა.შ. თუმცა ის საშიში აღარ არის და ძირითადად ძალიან საყვარლად გამოიყურება.

ძალიან საყვარელია თავად ქალაქიც, უფრო სწორედ მისი ისტორიული ცენტრი – ძველი ქალაქი (Stare Miasto).

კრაკოვი არც ისე პატარა ქალაქია როგორც შეიძლება თავიდან გეგონოთ ან მოგეჩვენოთ, თუმცა მეორეს მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ ძირითადი სანახავი ცენტრშია მოქცეული და ქალაქის სხვა უბნები დიდად არაფრით გამოირჩევა. ასე რომ, შეიძლება ამ ლამაზ ქალაქს პირობითად შაბათ-კვირის ქალაქი ვუწოდოთ. ერთი უიქ-ენდის გატარება შესაძლოა საკმარისიც აღმოჩნდეს. თუმცა თუ კრაკოვის სიახლოვეს არსებულ ადგილებზეც ისურვებთ წასვლას (ველიჩკას მარილის საბადოები, აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი, ქალაქში არსებული სხვადასხვა მუზეუმი), მაშინ 2-3 დღე კი არა, შეიძლება მთელი კვირაც არ გეყოთ.

ქალაქი ევროპული არქიტექტურისაა და იმით გამოირჩევა, რომ უამრავი ულამაზესი ეკლესიაა (როგორც ამბობენ, 200 ეკლესიაა). ბოლო-ბოლო რომის პაპ იოანე პავლე მეორეს ყველგან შეხვდებით.

ქალაქის თვალისმომჭრელ ღირშესანიშნაობაზე დიდად არ გავჩერდები და შევეცდები უფრო პრაქტიკულ და სხვა ზოგად საკითხებს შევეხო.

კრაკოვს აეროპორტი კი აქვს, მაგრამ ჩვენგან ანუ ქუთაისიდან ფრენა კატოვიცეშია. თბილისი-კოპიტნარის 20-ლარიანი სამარცხვინო ”მარშუტკისგან” (სკამგადაკეთებული) განსხვავებით, კატოვიცეში ”ზავადსკოი” მინიბასები დაგხვდებათ და 50 ზლოტად (12.5 ევრო) პირდაპირ კრაკოვის ვაგზალზე მიგიყვანთ (ქუთაისისგან განსხვავებით გავსებას არ ელოდება).

გზაზეც უნდა ვთქვა. ფასიანი ავტობანები რა თქმა უნდა მშვენიერ მდგომარეობაშია. აღსანიშნავი კიდევ ის გახლავთ, რომ თავად გზა ულამაზეს ადგილზე გადის, ირგვლივ ფაქტობრივად ტყეა (ისევე როგორც სარკინიგზო გზის შემთხვევაში). ასე რომ, მგზავრობა არც დამღლელია და სასიამოვნო და საინტერესოც კია. კატოვიცე-კრაკოვის მანძილის დაფარვას საშუალოდ 1 სთ და 20 წთ სჭირდება (მატარებელს ორ საათამდე).

ქალაქში ძალიან ბევრი ტრამვაი დადის. სპეციალურად დავაკვირდი, გვიანობამდე მუშაობენ და დილით ადრე იწყებენ მუშაობას. ფაქტობრივად შუა ღამით ცოტა ხნით არ დადის. ასე რომ, თუ ქალაქის ცენტრს გვიანობამდე შერჩით, სანერვიულო არაფერია, ტრამვაი თითქმის სულ მუშაობს და ტაქსით მისვლა არ დაგჭირდებათ. ტრამვაიში (ავტობუსშიც) ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ, თუმცა ამის შემოწმებელი არავინაა და არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც მგზავრები უბილეთოდ ადი-ჩადიან.

საექსკურსიოდ პატარა ლამაზი მანქანუკებიც დადის, თუმცა ძვირია (სრულ წრეს 50 ევრო უნდა) და თან უბრალოდ კონკრეტულ ადგილზე მიგიყვანთ და ეგაა. მოკლედ, ფულის და ხასიათის გასწორების ამბავია.

მთელ კრაკოვში (ცენტრსა თუ გარეუბნებში) ლამის ყველგან არის პეკარნია (Piekarnia & Cukiernia), სადაც მადისაღმძვრელ უგემრიელეს ფუნთუშეულს ამზადებენ. მოკლედ, დიეტაზე მყოფ და მარად მოწუწუნე ქართველ გოგონებს ცოტა გაუჭირდებათ. სხვათა შორის, თავად ადგილობრივი გოგონებიც საკმაოდ ტუნტულები არიან, ძალიან მოკლე შორტები (ე.წ. საბრინას შორტები) აცვიათ და ჯამში მაინც კარგად გამოიყურებიან (გააყოლებ კაცი თვალს). საერთოდ, ხალხი კეთილგანწყობილია, ასეთი მაგარი არსად არავინ შემხვედრია-თქო ვერ დავიჩემებ, მაგრამ უპრობლემოები კი არიან. ტურისტულ ადგილებში ძირითადად ახალგაზრდები მუშაობენ, ისინი რესტორნებსა თუ სტრიპტიზ კლუბებში კლიენტების მოზიდვას ცდილობენ.

რესტორანი ვახსენეთ და პირდაპირ ყველაზე მაგარ ადგილზე ქართული რესტორანიცაა წამოჭიმული – ქართული ხაჭაპური (Gruzinskie Chaczapuri). სხვათა შორის, იქვე ახლოს მეორეცაა გახსნილი. ერთ-ერთი კი სტრიპტიზ კლუბის (Wild Night) გვერდზე მდებარეობს.

რესტორანს ზოგადი ფასები მოვაყოლოთ. რა თქმა უნდა, თუ სწრაფ კვებასა და მით უმეტეს მაღაზიებში ნაყიდ საკვებზე გადაივლით, უფრო იაფად გამოხვალთ. ყველგან არის თურქულ-ბერძნული ქებაბი (ოღონდ ჩვენ რომ ვიცით ეგეთი ქაბაბი არ არის, უფრო ფორმაშეცვლილი შაურმისმაგვარია), ფასი საშუალოდ 3 ევრო გამოდის და იმხელაა, მთელი დღე მოუნდები ბოლომდე ჩაყვანას. ერთი ბურთულა ნაყინი 3 ზლოტი ღირს (ერთ ევროზე ნაკლებია). ყავახანაში ყავა (სხვათა შორის, პოლონურად კავა) დაახლოებით 1 ევრო ღირს. მაღაზიას და ადგილს გააჩნია წყლის, ხილის და მსგავსი პროდუქტების საყიდლად. საერთო ჯამში, ძვირი არ არის (ევროების მიხედვით).

კრაკოვში საკმაოდ განვითარებულია პატარ-პატარა ბაზრები. ასეთ ადგილებში თუნდაც ხილი ბევრად იაფია, ვიდრე ტურისტულ ადგილებში. ეს ბაზარი კი ჩვენთან მეტროსადგურებთან რომ არის დაახლოებით ისეთია: მარწყვი, ქოში და მაგიდის გადასაფარებელი კლიონკა ერთად იყიდება (ბუნებრივია ათასი სხვა რამეც).

ქალაქის მთავარ მოედანზე კი ქალაქის მთავარი ბაზრობა-ღირშესანიშნაობაა (Rynek Glowny). აქ აშკარა სიძვირე შეინიშნება და უფრო სუვენირები და ლამაზ-ლამაზი საოჯახო ნივთებია თავმოყრილი.

სამაგიეროდ ძალიან მაგარია გალერეა კრაკოვსკა (Galeria Krakowska). ეს თბილისის ცენტრალის მსგავსია. სადგურისა და სავაჭრო ცენტრის ნაზავია. ოღონდ თბილისი მოლს ლამის სამჯერ აღემატება და ისეთი ბრენდებიცაა, რომელიც ჯერ ჩვენში არ შემოსულან. ჩვენნაირი ტურისტი უფრო სეილმიწერილ მაღაზიებს უნდა მიეტანოს, სადაც თუ სეილია მართლაც რომ სეილია.

სეილი სეილად და საცობი კი ნაღდად არსად არ არის, არადა ვთქვი კიდეც, მართლა არ არის პატარა ქალაქი (გარეუბნებიანად 1.2 მლნ ადამიანი ცხოვრობს და ვარშავის შემდეგ მეორე დასახლებული ქალაქია) და ტურისტები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე თბილისში. მიუხედავად ამისა, როგორ ახერხებენ არ ვიცი, მაგრამ საცობის მაგვარიც კი არსად ყოფილა. თითქოს მანქანებიც დადის, ტრანსპორტიც, ვიწრო ქუჩებიცაა, რამდენიმე ქუჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვისაა, მაგრამ საცობი მაინც არ არის. უნდა ითქვას, რომ ესტაკატების მშენებლობა აქტიურად მიდის (ჩვენი გმირთა მოედნის მსგავსი), როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე ქალაქგარეთაც – საითაც წავედი ყველგან იდგა ესტაკატების საყრდენი ბოძები და მძიმე ტექნიკა. ალბათ, ესეც შველის. თუმცა მთავარი მიზეზი ალბათ მაინც მენტალობასა და ადამიანების შეგნებულ მოქცევაშია.

შეგნების ამბავია აბა რა, როდესაც ამ ლამაზ ძველ ქალაქს გარშემო სიმწვანეში ჩაფლული ხეივანი გასდევს და მთლიანად წრეს ურტყამს სასეირნო მწვანე ბილიკი. ამას მოფიქრება, გაკეთება და მოვლა ხომ უნდა.

ენას რაც შეეხება, მაინც სლავურია და მთელ რიგ ნაცნობ რუსულ სიტყვებს შეხვდებით: ჟოლტი, ზიელონი, როზოვი, ვისოკი, მოკრი, ნა ლევო, ბლიზკო, დალეკო, დროგა, ულიცა, სტოლიცა, ნიებო, სლონცე, ობუვი და ა.შ. თუმცა რუსულის მცოდნე პოლონურ ლაპარაკს მაინც ვერ გაიგებს, მაინც სხვა ენაა, თან დიდად არც ეხატებათ გულზე ეს ჩვენი მეზობლები და არც თქვენ გირჩევთ რუსულზე გადაატაროთ პოლონური მოგზაურობა.

ბარემ ერთი კურიოზული სიტყვაც ვახსენოთ: ჩვენი გოგონები პიეკარნიას გარდა, ალბათ არც იქაურ სილამაზის სალონებს გაეკარებიან. რატომ? აბა ნახეთ რა აწერია: სალონ უროდი…

პოლონეთი რასაკვირველია ევროპაა: ინფრასტრუქტურით, მენტალობით, სიტუაციით, უბრალოდ ერთი შეხედვით, მაგრამ რაღაც სოციალისტური კვალი ალაგ-ალაგ მაინც თითქოსდა ამჩნევია. უფრო ქალაქიდან რომ გადიხარ, მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი თანამედროვე სახლები დგას, ასაკში შესული ადამიანები თითქოსდა საბჭოთა იერის არიან. თუნდაც ჩაცმით: რაღაცნაირი ნაჭრის შარვალი და თითებგამოყოფილი ბასანოშკები. თუმცა საერთო ჯამში, აქაც იგივე ამოსაოხრავია: ნეტა როდის მივალთ ამათ დონემდე.

თბილისიდან კრაკოვამდე 1998 კილომეტრია. რა თქმა უნდა, ნაბიჯებით არ გამიზომია, უბრალოდ ვაველის სასახლის ძირში ევროქალაქების აბრაა გამოკიდული და ჩვენი დედაქალაქიც აწერია – 1998 – ბევრია ეს თუ არც ისე, შორია თუ არა ევროპამდე, ეს უკვე თავად გადაწყვიტეთ.

 

ვახტანგ დარასელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები