LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის დაფიქსირების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება

124
საბავშვო-ბაღიიიი

მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში Covid-19-ის შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება.

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის განცხადებით, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები.

“ამის გათვალისწინებით, თუ ბაღის სივრცეში კოვიდი დაფიქსირდა, ასეთ შემთხვევაში სრულად კარანტინში ბაღის გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება” – აცხადებს ციცო დილებაშვილი.

დილებაშვილის განცხადებით, თუ ინფიცირებული არის ბავშვი, გადავა მთელი ჯგუფი კარანტინში და არა მთელი ბაღი. დაავადებულთა კონტაქტში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ყველა პირი გადავა იზოლაციაში, დანარჩენები გააგრძელებ სააღმზრდელო საქმიანობას.

იმ შემთხვევაში თუ დაინფიცირდა პედაგოგი და მას სხვა პედაგოგებთან ჰქონდა მაღალი რისკის დაუცველი კონტაქტი, ასეთ შემთხვევაში გადაწყდება გადავიდეს თუ არა ბაღი სრულიად კარანტინში.  თუ დაინფიცირდა დამლაგებელი, ჩატარდება ეპიდმოკვლევა, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი პირი მაღალი რისკის მქონედ და რა შემთხვევაში დაბალი რისკის მქონედ.

ახალი რეგულაციები ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაგა-ბაღებზე.

“რაც შეეხება მაღალი და დაბალი რისკის მქონე კონტაქტების განსაზღვრებას, დოკუმენტის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე კონტაქტია, პირი, რომელსაც ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ:შეხველება); რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. ხოლო დაბალი რისკის მქონე კონტაქტია პირი, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით; იმყოფებოდა COVID-19 – ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით.

„მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარებიან თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს; მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება ექსპოზიციიდან (ინფიცირებულთან კონტაქტიდან) მე-3 და მე-5 დღეს COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი. დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე); არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება,“- ნათქვამია დოკუმენტში.