“კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა დღეში მაქსიმუმ შეიძლება ავიდეს ოთხ ასეულამდე, არამგონია იყოს მეტი. შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ქვეყანას ჰყავს 1 მილიონ მოსახლეზე 7 გარდაცვლილი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და სწორედ ეს არის მთავარი კრებითი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ უმკლავდება სახელმწიფო პანდემიას.
„ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ერთ მილიონ მოსახლეზე გვყავს 7 გარდაცვლილი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს არის მთავარი კრებითი მაჩვენებლი იმისა, როგორ უმკლავდება ქვეყანა და სახელმწიფო კოვიდპანდემიას“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.