კორუმპირებული გიგი უგულავა არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ნებართვა, მათ შორის ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვა სწორედ გიგი უგულავას მერობის პერიოდშია გაცემული, რომელიც კალაძის თქმით ქალაქის გრძელვადიან განვითარებისთვის ძალიან ცუდია.
“თბილისისთვის საკმაოდ მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხით მინდა დავიწყო, ეს არის ვაკის პარკში გაცემული მშენებლობის ნეაბრთვა, რომელიც გაიცა 2013 წელს, ბატონ გიგი უგულავას მიერ, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეც-ნებართვა და ვაკის პარკში ამ კომპანიას მიეცა უფლება ააშენოს 30 მეტრიანი შენობა-ნაგებობა, რომელიც დაახლოებით 8-9 სართული. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და თბილისისთვის და თბილისელებისთვის არის მძიმე. ნებართვასათან დაკავშირებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იყვნენ აქტივისტები, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ მშენებლობას. მათ კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. იყო დავები სასამართლოში, სამწუხაროდ ყველა სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო, წაგებულია. სპეც-ნებართვა ძალაშია დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა. რამდენიმე დღის წინ ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას, ძირითადად ჩემი გამონათქვამების გამო, და არა იმის გამო რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული პირველ რიგში თბილისელების და თბილისის წინაშე. დარწმუნებული ვარ ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან ცუდი იქნება და ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომელიც მის მერობის პერიოდშია გაცემული. მე პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის გიგი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ასევე შეეხო კერძო ინვესტორს. მისი თქმით, თბილისის მერია არც ერთ ინვესტორს ისე არ მოექცევა, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენება არ დაუშვას.
„ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის ქალაქისა და თბილისელების ინტერესები პირველია, არასდროს ინვესტორს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. თითოეული ცენტრის ინვესტიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით. არ გავაგრძელებ საუბარს, ყველა კარგად ვხვდებით. თუმცა, შანტაჟის ენის საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ამ ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები. კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშენებლობა არ დავუშვათ ვაკის პარკში“, – განაცხადა კახა კალაძემ.