ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი – ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სცნეს.
წარდგენილ ბრალდებაში, საბრალდებო მუხლებში ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი, ნაწილობრივ კი გამამართლებელი განაჩენი დადგა. კერძოდ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში ერთ პუნქტში გამართლდა და ორში გამტყუნდა გიორგი ცააძე. მას საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის გათვალისწინების შედეგად. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, იგი ცააძის მსგავსად გამართლდა ფალსიფიკაციის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მუხლით და მასაც საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ბეროძეს, იგი ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც როგორც ცნობილია ქვეყანაში არ იმყოფება უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ე.წ. კორტების სპეცოპერაციას დაკავების ღონისძიებას უწოდებს, თუმცა მოსამართლის განცხადებით, დაკავების ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტები დარღვეული იყო და ამ ფაქტს სისხლიანი სპეცოპერაცია ეწოდა, რომელიც კრიმინალურად განვითარდა.