ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია არის კაცობრიობის უდიდესი გამოწვევა და თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას.
2020 წლის ბოლოსთვის ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა, დაინფიცირდა 83 მილიონზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 60 მილიონამდე და დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 800 000 შემთხვევამდე. პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, წლის განმავლობაში ქვეყნების უმეტესობამ ახალი შემთხვევების ზრდის მეორე და მესამე ტალღაც განიცადეს.
”კოვიდ 19” – ზე ტესტირების მაჩვენებლით, 100 ათას მოსახლეზე საქართველო ევროპის რეგიონში, მე-11 ადგილზეა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, სახელწოდებით, ”ერთი წელი ”კოვიდ 19” – თან ერთად”.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წელს ქვეყანაში ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 1 957 395 შეადგინა, რაც 100 ათას მოსახლეზე 52 662 ტესტს შეადგენს. 100 ათას მოსახლეზე ჩატარებული ტესტების მაჩვენებლით ევროპაში პირველ სამეულში შედიან დანია, ლუქსემბურგი და კვიპროსი. აღნიშნული მონაცემით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა ნორვეგია, იტალია, შვეიცარია და ფინეთი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 11,6%-ს შეადგენდა.