LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი: რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების რისკებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას

609
trnskrnvsrsss

კორონავირუსის გავრცლებასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა შეზღუდვები დააწესეს მგზავრობასთან დაკავშირებით, თუმცა მგზავრები ინდივიდუალურადაც მიმართავენ უსაფრთხოების ზომებს.

რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების რისკებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას? – სტატიას აქტუალურ თემაზე ,,ბიბისი” აქვეყნებს.

მატარებელი და ავტობუსი

ჯერჯერობით კორონავირუსის გავრცელების ყველა გზა დადასტურებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ იგი გადაეცემა ინფიცირებული ადამიანის მიერ ხველების ან ცემინებისას გამოყოფილ ლორწოვან ნაწილაკებთან კონტაქტით, ან იმ ზედაპირებთან შეხებით, რომლებთანაც ინფიცირებულ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა.

სავარაუდოდ, კორონავირუსი გრიპის ვირუსივით ჰაერში არ ჩერდება, ასე რომ იმისათვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირდეთ, ახლო კონტაქტია საჭირო. კონტაქტი უნდა ხდებოდეს 15 წუთზე დიდხანს, 2 მეტრზე ახლო მანძილზე.

ასე რომ, ავტობუსებსა და მატარებლებში ინფექციის გავრცელება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი მგზავრი იმყოფება  ტრანსპორტში, ეს მაჩვენებელი კი ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით ძალიან განსხვავებულია.

მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად კარგად ნიავდება სატრანსპორტო საშუალება  და რა დროს გაატარებთ მასში.

დიდ როლს თამაშობს ისიც, თუ რამდენად კარგად სუფთავდება ავტობუსი ან მატარებლის ვაგონები, ტარდება თუ არა დეზინფექცია. მოერიდეთ პიკის საათში მგზავრობას, თუ ეს შსაძლებელია.

ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, მოერიდოს ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტს, ხშირად დაიბანოს ხელები საპნით და შეასრულოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხვა რეკომენდაციები.

თვითმფრინავი

თვითმფრინავები ამ მხრივ ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის რეისზე ბევრად მეტი ადამიანი იმყოფება, ვიდრე გადატვირთულ ავტობუსში, თვითმფრინავებს ბევრად უკეთესი ვენტილაცია აქვთ. იქ ჰაერი ყოველ 2-3 წუთში იცვლება და იფილტრება სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, რომელსაც ვირუსის „დაჭერაც“ კი შეუძლია.

ფილტრები გარედან ისრუტავენ სუფთა ჰაერს და მას თვითმფრინავში არსებულ ჰაერს ურევენ მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი კონდიციონერების უმეტესობა ენერგიის დაზოგვის მიზნით სივრცეში ერთსა და იმავე ჰაერს „ატრიალებს“.

თუმცა მიუხედავად ამისა, თვითმფრინავშიც შეიძლება კორონავიირუსით დაავადება იმ შემთხვევაში, თუ დაავადებული ადამიანის ნახველთან ან დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტი გვექნება.

თვითმფრინავშიც, ისევე როგორც სხვა ტრანსპორტში, ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს. მაგ: იმ რეისების მგზავრები, რომლებიც დიდხანს გრძელდება, ფრენისას უფრო ბევრს მოძრაობენ კაბინაში და მათ უფრო მეტად შეუძლიათ ვირუსის გავრცელება.

თვითმფრინავის მგზავრებთან დაკავშირებით ბევრად პრობლემატური საკითხია მათ მიერ ვირუსის სხვა ქვეყანაში ჩატანის შესაძლებლობა, ვიდრე უშუალოდ თვითმფრინავის მგზავრების დაავადება.

საინტერესოა ისიც, რომ ამ დროისათვის არსებული სტატისტიკის თანახმად დაბალია ტრანსპორტში სხვა მგზავრისაგან კორონავირუსის გადადების შემთხვევათა რაოდენობა.

ასე რომ, რეკომენდაციები მოგზაურებისთვისაც იგივე რჩება, რაც ყველასთვის. თუ შესაძლებელია, გადადეთ მოგზაურობა. თუ გამგზავრება აუცილებელია, ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან და სხვადასხვა სახის ზედაპირებთან კონტაქტს და ცემინების ან ხველების დროს გამოიყენეთ ერთჯერად ცხვირსახოცი ან მოხრილი მაჯა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები