LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეა ერთიანდება: ჩრდილოეთ კორეა სამხრეთში მიდის

49

ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენელთა უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩრდილოეთ კორეა პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა, მაღალჩინოსანთა, კულტურის მოღვაწეთა, მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დიდ დელეგაციას მიავლენს.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობამ ჩრდილოელებს პიონჩანგის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალებზე გაერთიანებული გუნდით გამოსვლის წინადადებითაც მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, სეულის ამ წინადადებას დათანხმდება თუ არა ოფიციალური ფხენიანი.

ბოლოს, ორივე ქვეყნის სპორტსმენები კორეის ნახევარკუნძულის დროშით 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვიდნენ.

სამხრეთ კორეამ, შესაძლოა, ჩრდილოელი მეზობლებისთვის დაწესებული რიგი სანქციებიც შეაჩეროს. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნო გიუ დოკის განცხადებით, საუბარია ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რამდენიმე ოფიციალური პირისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის დროებით გაუქმებაზე.

უფრო ადრე, პიონჩანგი-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა ლი ჰი-ბომმა განაცხადა, რომ ჩრდილოკორეელ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის დემილიტარიზებული ზონის გადაკვეთის უფლება მიეცემოდათ. თავის მხრივ, საახალწლო მიმართვისას ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა კიმ ჩენ ინმა პირველად განაცხადა, რომ პიონჩანგში გუნდის გაგზავნას გეგმავდა.

მოგვიანებით, ოფიციალური სეული პიონჩანგის თამაშებზე მონაწილეობასთან დაკავშირებით უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. სამხრეთელთა წინადადებას ფხენიანი მას შემდეგ დათანხმდა, რაც აშშ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადის პერიოდში ერთობლივი სამხედრო წვრთნების გადადებაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის ჩრდილოეთ კორეელ სპორტსმენებს რეგისტრაციის ვადები გაუხანგრძლივა.

„სოკ-ი ორივე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებით, კარს ღიას ვტოვებთ და დახმარების ხელს ვუწვდით სპორტსმენებს, რომლებმაც საოლიმპიადო შერჩევა გაიარეს“, – ნათქვამია სოკ-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები