საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განმარტებით, მარგველაშვილი სახელმწიფო დაცვას არ საჭიროებს, რადგან მოცემულ ეტაპზე ისეთი გარემოებები არ იკვეთება, რის გამოც მისთვის დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხზე „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის ეს ახალი ცვლილება პერსონალურად მასზეა მორგებული.
„მე ამას ვუკავშირებ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტის დაკნინების უკვე სტანდარტულ ტრადიციას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის უკვე პოლიტიკად ქცეული ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა. რა უნდა მიკვირდეს? კონსტიტუცია შეცვალეს, რათა ჩემთვის რაღაცა ანგარიში გაესწორებინათ და ესეც ბუნებრივია, გაკეთდება. უნდა ჰყავდეს დაცვა ან არ უნდა ჰყავდეს, ეს სხვა თვალსაზრისით გადასაწყვეტია, მაგრამ ამ კონტექსტში მე ამას ასე ვხედავ. მარტო ეს ხომ არ არის?! ყოფილ დეპუტატს თუ აქვს პენსია, ყოფილ პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. პირველი სერიიდან თუ ვლაპარაკობთ, ეს სხვა არის, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ზოგადად იქიდან, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა და საითკენაც მთელი პოლიტიკა მიდიოდა, მაშინ გასაგებია ეს კონტექსტი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
2018 წლის 16 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ფიცის დადების შემდეგ გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა შეუჩერდა. კანონმდებლობის მიხედვით კი, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან, რის გამოც მათ დაცვა მოეხსნებათ.
მარგველაშვილი: უნდა დამთავრდეს ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში
მარგველაშვილმა მთაწმინდელ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თქმით, დასაცავი პირისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე ან შენარჩუნებზე გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა გარემოებების შეფასების შემდეგ პერიოდულად ხდება. მარგველაშვილის შემთხვევაში საკითხი დეკემბრამდე კიდევ გადაიხედება. აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დასაცავი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მათ დაცვა არ მოეხსნებათ.