LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცხადდა კონკურსი 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად

991
წინანდლის-პრემია

2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 8 ნომინაციაში:

  1. თეატრალური ხელოვნება
  2. კინოხელოვნება
  3. მხატვრული ლიტერატურა – პროზა
  4. მხატრული ლიტერატურა – პოეზია
  5. მუსიკალური ხელოვნება
  6. სახვითი ხელოვნება
  7. ჰუმანიტარული მეცნიერებები
  8. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება წარმოებს 2022 წლის 10 ოქტომბრიდან  4 ნოემბრის ჩათვლით, როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური სახით მისამართზე:  [email protected] ზურაბ ჟვანიას ფონდი,  ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N18, ბ-25.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა „წინანდლის პრემია”.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

 

  • პროექტ „წინანდლის პრემია 2022“ მიზანია კონკურსის საფუძველზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული წარმატების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების გამოვლენა და დაჯილდოება;
  • საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა და ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია, წახალისება და ხელის შეწყობა;
  • ახალგაზრდა მკვლევრების და ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა; ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედების ხელიშეწყობა და მათი შესაძლებლობების რეალიზება;
  • 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა და ხელოვანთა, წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურულ-სამეცნიერო ცხოვრების გააქტიურება;

 

პროექტი „წინანდლის პრემია 2022“  ხორციელდება  რამდენიმე ეტაპად:

განაცხადების მიღება;

კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრების შესწავლა-განხილვა;

ჟიურის მიერ  24 ნომინანტის გამოვლენა და პროექტის დასკვნით ეტაპზე დარგის საგანგებოდ მოწვეული  ექსპერტების მიერ ფინალისტი ნომინანტებიდან  8 ლაურეატის გამოვლენა.

საზოგადოებისთვის ლაურეატების ვინაობა ცნობილი ხდება უშუალოდ  „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც შედგება ა.წ. დეკემბერში.

მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი პრემია, წინანდლის პრემიის ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

პროექტი ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით

პროექტის მხარდამჭერი კომპანიებია: „გალფი“, „ბადაგონი“ და „ბაზისბანკი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები