LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფლიქტის ზონასთან ახლოს ვაშლის ჩიფსების საწარმო გაიხსნება

160

გორის რაიონის სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო აშენდება. ქარხანა ექსპლუატაციაში სავარაუდოდ ერთ თვეში შევა, აქ წარმოებული ჩისფები კი ბაზარზე 2016 წლის ბოლოსკენ გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” პროექტის ავტორმა შალვა მძინარაშვილმა განუცხადა, საწარმო პირველ ეტაპზე თვიურად 30 000 შეკვრა ვაშლის ჩიფსს გამოუშვებს, მალევე კი წარმადობას გაზრდის.

”პროგრამის “სტარტაპ საქართველო” ფარგლებში, მე და ჩემმა მეგობრებმა 100 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოვიპოვეთ. ამ თანხით ვგეგმავთ, საჭირო დანადგარებისა და  შესაფუთი მასალების შეძენას იმისთვის, რომ მინი საწარმო მოვაწყოთ. ქარხანა, დიცში განთავსდება, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს, შესაბამისად, საწარმო მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებს და ადგილზე თავდაპირველად 10 ადამიანი დასაქმდება”, – აღნიშნა მძინარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუ რა სახელით გაიყიდება პირველი ქართული ვაშლის ჩიფსები, ჯერ-ჯერობით უცნობია.  პროდუქციის რეალიზაცია კი თავდაპირველად თბილისის სუპერმარკეტებში განხორციელდება. როგორც მძინარაშვილმა განმარტა,   ვაშლის ჩიფსებს სამომავლოდ სხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსებიც დაემატება.

ცნობისთვის, აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტთან ერთად, შალვა მძინარაშვილმა პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი “სტუდენტური ინოვაციების” პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები