LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისია „მაგთიკომის“ პრეზიდენტის განცხადებებს ზეწოლის მცდელობად აფასებს

79

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „მაგთიკომის“ პრეზიდენტის დევიდ ლის მიერ ბოლო პერიოდში შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის საოპარაციო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების თაობაზე საზოგადოებისთვის განცხადებას ავრცელებს:

„კომისიის შეფასებით, შპს „მაგთიკომის“ პრეზიდენტის დევიდ ლის პოლიტიკური ხასიათის განცხადებები, კერძო კორპორატიული ინტერესების ლობირების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს. ბატონი ლის ქმედება  ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანია სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით შეიზღუდოს კონკურენციის პირობებში ბიზნეს გარიგების წარმოების შესაძლებლობა და შპს „მაგთიკომი“ დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის საოპერაციო აქტივის უპირატეს მყიდველად.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა კომისიამ ჯერ კიდევ გასული წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასცა. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ ყველანაირი, მათ შორის – სამართლებრივი შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს ბიზნეს შეთანხმებას შპს „კავკასუს ონლაინთან“.

რაც შეეხება შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შეძენაზე წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, აღსანიშნავია, რომ წარმოება ჯერ არ დასრულებულა, კომისიას გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის თაობაზე ჯერ არ მიუღია, საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის მეორე სხდომა კომისიაში 2016 წლის 10 მარტს არის ჩანიშნული. კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორივე წარმოების პროცესის არცერთ ეტაპზე შპს „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ფოთი-ვარნას) გასხვისების საკითხი არ განხილულა და მეტიც – დღის წესრიგშიც არ დამდგარა.”- აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შპს „მობიტელი“ („ბილაინი“) ბოლო ათი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, კომპანია მობილურ და ინტერნეტ  მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით 1 205 201 აბონენტს უწევს მომსახურებას.

კომისიის აზრით,  ბატონი ლის განცხადებები აზარალებს თავად შპს „მაგთიკომის“ რეპუტაციას და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას.