როგორ მოქმედებს კრიზისი კომპანიებზე და რა უნდა გააკეთონ მათ კრიზისის დროს – “ფორტუნა აკადემიას” პროექტების მენეჯერი, „კრისტალის“ სტრატეგიული და ორგანიზაციული დაგეგმარების სამსახურის უფროსი თამუნა მაჭავარიანი ესაუბრა.
როგორ მოქმედებს კომპანიებზე კრიზისი?
COVID-19-მა ბევრი მოულოდნელი და გაუთვლელი გამოწვევა შეუქმნა როგორც ადამიანებს, ისე კომპანიებს. არც ადამიანები და არც კომპანიები მზად არ აღმოვჩნდით ასე მოულოდნელად თავს დამტყდარ, უცნობ ვირუსთან და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.
საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც დღიდან დღემდე მიღებული შემოსავლით არსებობს – მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო ობიექტები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, გამაჯანსაღებელი ცენტრები… იმ შემთხვევაშიც კი, როცა მშვიდობიან პერიოდში მათი შემოსავალი არც ისე მცირეა, ასეთმა კრიზისმა ისინი შესაძლოა დააყენოს სერიოზული საფრთხის წინაშე. ასეთი კომპანიების თანამშრომლები მასშტაბური კრიზისის დროს ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან, რადგანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიზნესის მფლობელი / მენეჯერი სოციალურად პასუხისმგებლიანი პიროვნებას, მან შესაძლოა უბრალოდ ვერ მოახერხოს თანამშრომლებისთვის ანაზღაურების და სამუშაო ადგილის შენარჩუნება, რადგან აღარ ექნება ყოველდღიური შემოსავალი.
დღეს მე ასეთ ბიზნეს კომპანიებზე არ ვისაუბრებ. სამწუხაროდ მათთვის არ არსებობს კრიზისის დაძლევის და ამ პერიოდში ქცევის ერთი, მზა რეცეპტი.
დღეს მე მინდა გესაუბროთ საშუალო და დიდი ზომის კომპანიებსა და მათ თანამშრომლებზე, რომელთაც კრიზისი ასევე დიდი რისკის ქვეშ აყენებს, რადგან გარკვეული პერიოდით შემოსავლების მიუღებლობამ შესაძლოა დრამატული ასახვა ჰპოვოს მათ ფინანსურ მდგომარეობასა და მდგრადობაზე.
იმისათვის რომ ბიზნესმა კრიზისულ სიტუაციებშიც შეძლოს ფუნქციონირების გაგრძელება, საჭიროა არ დაველოდოთ კრიზისის დადგომას და „მშვიდობიან“ პერიოდში ვიზრუნოთ ბიზნეს უწყვეტობაზე – შევიმუშაოთ ბიზნეს უწყვეტობის გეგმა (BCP) სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციების დადგომის შემთხვევებისთვის. BCP ბიზნესს მისცემს საშუალებას ეფექტიანად მართოს მოულოდნელად დამდგარი, სხვადასხვა კრიზისული მდგომარეობა.
როდესაც კრიზისი უკვე სახეზეა, როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი?
ახლა კომპანიებმა პირველ რიგში უნდა იზრუნონ თანამშრომლებზე – ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიან პერიოდში ქმნიან დოვლათს და არიან კომპანიის ყველაზე დიდი აქტივი. უნდა იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ უსაფრთხოებასა და ფინანსურ სტაბილურობაზე. ასეთი ზრუნვა, გარდა სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებისა, ბიზნესისთვის აბსოლუტურად პრაგმატული ნაბიჯია.
კომპანიები საკმაოდ სოლიდურ რესურსებს (ფინანსურს და დროის) დებენ მათი თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაში, შესაბამისად მათსავე ინტერესშია რომ შეინარჩუნონ ეს თანამშრომლები.
უნდა გვახსოვდეს, რომ კრიზისი მალე გადაივლის და თუ თანამშრომლები ამ პერიოდში ჩვენგან დაფასებულად არ იგრძნობენ თავს, მათ დიდი ალბათობით აღარ მოუნდებათ მომავალში ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება. შესაძლოა მათ დაუყოვნებლივ, კრიზისის დასრულებისთანავე არ / ვერ შეიცვალონ სამსახური, მაგრამ ყოველთვის ემახსოვრებათ თუ როგორ მოექცა დამსაქმებელი რთულ პერიოდში და პირველივე შესაძლებლობისთანავე იმოქმედებენ შესაბამისად.
კომპანიებმა, რომლებსაც უწევთ ოპერირების სრულად შეჩერება, უნდა იზრუნონ თანამშრომლების სოციალურ გარანტიებზე. მათ უნდა გამოიყენონ ყველა გონივრული, მათ ხელთ არსებული საშუალება და მიმართონ ისინი ანაზღაურების გასაცემად, მიუხედავად იმისა რომ ბიზნეს საქმიანობას არ ეწევიან. იმედი უნდა ვიქონიოთ რომ კრიზისი მალე გადაივლის, თუმცა ისიც გასაგებია რომ ხანგრძლივი ვადით ასეთი მდგომარეობის გაგრძელებისას კომპანიებს შესაძლოა მოუწიოთ სხვა ზომების მიღება.
კომპანიებმა, რომლებიც კრიზისის პერიოდშიც ვერ წყვეტენ ოპერირებას, პირველ რიგში უნდა იზრუნონ თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. ეს ზრუნვა კი უნდა გამოიხატოს შემდეგ აქტივობებში:
– მისცეს დისტანციურად მუშაობის საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შესაძლებელია.
– გამოავლინოს რისკ ჯგუფში (ქრონიკული დაავადების მქონე, ორსული, და სხვა) მყოფი თანამშრომლები და ისინი უპირობოდ, ანაზღაურების შენარჩუნებით გაათავისუფლოს ოფისში ყოფნის ვალდებულებისგან, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი სამუშაოს დისტანციურად შესრულება შეუძლებელია.
– დააწესოს ოფისში თანამშრომლების მორიგეობა და შეამციროს მათ შორის ფიზიკური კონტაქტი.
– უზრუნველყოს სამუშაო სივრცეებში სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვა.
– გააქტიუროს შიდა კომუნიკაცია და თანამშრომლებს (როგორც ოფისში მყოფთ, ისე დისტანციურად მომუშავე) ინტენსიურად მიაწოდოს ინფორმაცია ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ, ისევე როგორც კომპანიის შიდა გადაწყვეტილებების და მიმდინარე პროცესების შესახებ.
– გააკონტროლოს და არ დაუშვას ოფისში მყოფი თანამშრომლების მიერ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.
კომპანიების მიერ არსებული კრიზისის დაძლევასა და თანამშრომლებზე უპირობოდ ზრუნვაში განუზომლად დიდია სახელმწიფოს როლი, რომელმაც ეფექტიანად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებები ბიზნესის სტიმულირებისათვის, რათა მათ შეძლონ თანამშრომლებზე ზრუნვა. ასეთი საშუალებებია გადასახდელების გადავადება, საგადასახადო განაკვეთების მკვეთრად შემცირება და ბიზნესისთვის იმგვარი შეღავათების მიცემა, რომ დაზოგილი ფული მოხმარდეს მათი თანამშრომლების ფინანსურ უზრუნველყოფას და ბიზნესის დროულად ამუშავებას კრიზისის დასრულებისთანავე.
და ბოლოს, სახელმწიფოსაც და ადამიანებსაც უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესის განვითარება, მდგრადობა და სტაბილურობა არის სახელმწიფოს არსებობის და ფუნქციონირების საფუძველი. ძლიერი ბიზნესის გარეშე სახელმწიფო ვერ შეასრულებს თავის სხვადასხვა სოციალურ ვალდებულებებს და ჩვენ, ადამიანებს, მოქალაქეებს არ მოგვეცემა განვითარებისა და ფინანსური წარმატების მიღწევის საშუალება. შესაბამისად, დღეს, ამ კრიზისულ მდგომარეობაში სახელმწიფომ, კომპანიებმა და თანამშრომლებმა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე.