LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომპანიების ნაწილმა ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს – მკაცრი რეაგირება იქნება“ – ჯანდაცვის სამინისტრო

121
Untitled design

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს:

„ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირად ღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს ერთი და იმავე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.

წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ.
სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.