ცესკოს თავმჯდომარის გარდა, ამ თვეში ვადა გასდის ასევე, კიდევ ერთ წევრს (თავმჯდომარის მოადგილეს). საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წევრობის კანდიდატები შეირჩევა კონკურსის წესით და პრეზიდენტი განკარგულებით ქმნის საკონკურსო კომისიას, რომლის ნახევარიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ ბენიძე პრეზიდენტს კომისიის შემადგენლობის გადახედვისკენ მოუწოდებს.
როგორც მიხეილ ბენიძე წერს, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემული განკარგულებით, საკონკურსო კომისიის წევრები ის და “საია”-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე არიან, თუმცა ოფიციალური შეტყობინება ამაზე არ მიუღიათ. მისივე ინფორმაციით, მათთან ერთად კომისიის წევრია “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე.
მიხეილ ბენიძე წერს, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნების დღეს “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ამომრჩევლის მობილიზებასა და ნების კონტროლში იყვნენ ჩართული.
“ამდენად, მოვუწოდებ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, გადახედონ ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობას და მასში შეიყვანონ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ და მათი საარჩევნო პროცესში ჩართულობა არ აჩენს კითხვის ნიშნებს მათ მიუკერძოებლობასთან, დაფინანსების წყაროებთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
კომისიის მსგავსი კრიტერიუმებით დაკომპლექტების შემთხვევაში, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მის საქმიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს ადგილს ამ კომისიაში ვერ ვხედავ,” – წერს მიხეილ ბენიძე.