საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიას” ელქტროენერგიის სამომხმარებლო კომერციული ტარიფი 0,051 ლარით შეუმცირა, ხოლო საყოფაცხოვრებო ტარიფი იმავე ნიშნულზე დატოვა. სემეკმა ”ენერგო-პროსთვის” ელექტროენრგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2016 წლის ტარიფების დადგენაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.
კომპანია მოითხოვდა სემეკს გაეთვალისწინებინა ”ენერგო-პროს” თანამშრომლებისთვის სახელფასო განაკვეთების გაზრდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება. ასევე, იმ თანხების გათვალისწინება, რომლის ამოღებასაც ”ენერგიო-პრო ჯორჯია” ზოგიერთი რეგიონიდან ვერ ახერხებს. თუმცა, კომისიამ კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, ”ენერგო-პრო ჯორჯია” სემეკს 16 მილიონი ლარის გამოყოფას სთხოვდა, თუმცა სემეკმა კომპანიას მხოლოდ 6 მილიონი ლარი გამოუყო. ”არც ერთი ჩვენი არგუმენტირებული მოთხოვნა კომისიამ არ გაითვალისწინა, იმის მიუხედავად, რომ გვჭირდება უფრო მეტი მორიგე პერსონალი, უფრო მეტი ოპერატიული ბრიგადები, რომლებიც ავარიებზე რეაგირებენ. ეს არ არის კომპანიის კაპრიზი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სემეკი კვლავ წავიდა შემცირებაზე, რაც ვფიქრობთ აბონენტებს უფრო დააზარალებს, რადგან ეს აისახება ხარისხზე”, – განაცხადა ”ენერგო პროს” დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ.
სემეკის წევრის გოჩა შონიას განმარტებით კი, კომისია კომპანიის პრეტენზიებს სახელფასო სახსრებთანდაკავშირებით ვერ დააკამყოფილებდა, რადგან მას შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. მისივე თქმით, სემეკის მეთოდოლოგია ითვალისწინებს მხოლოდ ფაქტობრივი ხარჯების ასახვას, დეპარტამენტმა კი განიხილა ყველა ის ხარჯი, რაც კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტურად. ”შესაბამისად, კომისია რაღაც ხარჯს , რომელიც არ არის აღწერილი, ტარიფში ვერ ასახავდა. კომპანია ითხოვს, ამ ხარჯის გაუწევლად წინასწარ მიეცეს თანხა, რაც ეწინააღმდეგება როგორც მეთოდოლოგიას, ასევე კანონმდებლობას, ”- განაცხადა გოჩა შონიამ.