LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლხურმა ტყეებმა ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის და შვეიცარიის ალპების გვერდით

121
45348748-511375946005193-6904866489094897664-n

UNESCO-ს ოფიციალურ გამოცემაში „World Heritage” სტატია „საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა” გამოქვეყნდა.

სტატიაში საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ ვკითხულობთ.

„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. კავკასია, თავის მხრივ, ეკოსისტემების მრავალფეროვნებით, მსოფლიოს 36 ცხელ წერტილს შორისაა. UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიები მდებარეობს საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ეს რეგიონები გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მრავალფეროვანი ეკოსისტემებით და გასაოცარი ლანდშაფტებით. აჭარის რეგიონი, თავისი მთიანი კურორტებითა და ფირუზისფერი სანაპიროებით ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ჟურნალში „World Heritage” საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ სტატია 3 ენაზე – ინგლისურად, ფრანგულად და ესპანურად არის ხელმისაწვდომი. https://es.calameo.com/read/003329972f1bef553388b

აღსანიშნავია, რომ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია, შესაბამის ფოტომასალასთან ერთად, განთავსდება Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე „Arts and Culture”, რომელსაც წელიწადში 350 000- ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობის ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, შესაბამისად,  ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას.

შეგახსენებთ, 2021 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები