გერმანიასთან სათამაშოდ წასულ საქართველოს ნაკრებს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გაყვა. მან გერმანიაში ვიზიტით ისარგებლა და თავის ყოფილ კლუბს ბერლინის “ჰერტას” ესტუმრა. კობიაშვილი კლუბის აკადემიაში მივიდა, სადაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მცირე ხნით მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა. ლევანმა ყოფილ კოლეგებს სამახსოვროდ საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ლევან კობიაშვილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებთან აქტიურ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორცილებას გეგმავს.
“ჩემთვის ეს ყველაფერი ემოციურია, რადგან წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ვთამაშობდი და ვმუშაობდი. კარგი დახვედრა გვქონდა, გამიხარდა ბევრი მათგანის ნახვა. თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში, რადგან ამ გუნდმა ძალიან ბევრი რამ მომცა.
ყველა ის რესურსი, რაც გამაჩნია ქვეყნის ფარგლებს გარეთ და პირველ რიგში ვგულისხმობ ”ჰერტას”, ”ფრაიბურგს”, ”შალკეს”, ასევე ურთიერთობას გერმანიის ფედერაციასთან აუცილებლად გამოვიყენებ საქართველოსთვის. არის სურვილი გერმანიის მხრიდან, რომ გვერდში დაგვიდგნენ, პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთში”, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.