“ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარლამენტში მივიდა.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ის მზად არის, კობახიძის პირისპირ დაჯდეს და ტელევიზიების პირდაპირ ეთერში დებატები გამართოს იმ საკითხზე, რაზედაც დღეს კობახიძემ ისაუბრა:
“კობახიძეს პირადად რა უნდა ვუთხრა, მაგ ხალხთან სათქმელი ნათქვამი მაქვს კაი ხანია.
მოვედი პარლამენტში, რადგან ეს პარლამენტი კობახიძის კი არ არის, ეს ჩემი ძალიან შინაური გარემოა, ნახევარი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული.
აქ, მას რომ მიაჩნია – მის ტერიტორიაზე, ვლაპარაკობ, თუ გნებავთ, დაუძახეთ, გადაეცით ჩემგან, დავსხდეთ მე და კობახიძე და აქვე, ყველა ტელევიზიის ეთერით, გავმართოთ დებატები იმ საკითხზე, რაც მან დღეს წამოსწია, გადაეცით ჩემგან”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე ძალიან არაადეკვატურები და არაკორექტულები არიან:
“ეს ის ხალხია, რომლებიც “ვინც მოვიდა გაუმარჯოს” კატეგორიიდან არის, “ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში, არც ერთი ხელისუფლების მიმართ პროტესტანტები არ ყოფილან, არც 7 ნოემბერს ყოფილან და არც 2009 წლის საპროტესტო მიტინგების დროს.
ეს არის გახელისუფლებულ “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც კადრულობენ უკადრებელს”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისი შეფასებით, კობახიძე და სხვები “ქართულ ოცნებაში” ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები არიან, რომლებიც არასდროს არც ერთი ხელისუფლების ოპოზიციაში არ ყოფილან.
“კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა “რესპუბლიკურ პარტიასაც” და ძმებ ბერძენიშვილებსაც, რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ არც ერთ ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი „მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ,”- განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბერძენიშვილის განცხადებები იყო შეტევა და შტურმი ეროვნულ იდენტობაზე.
მან ძმებ ბერძენიშვილებს “იდენტობის შემარყევლებს” უწოდა.
კობახიძის თქმითვე, ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ