„სამარცხვინოა მისი განცხადებები, ეს აჩვენებს ისტერიკას. ეს კაცი არის ისტერიკაში“, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, თუმცა ის „20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის“.
კობახიძის თქმით, გახარიამ აღნიშნული განცხადებით, „აღიარა, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს“.
„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილზე განცხადებას, ჩვეულებრივი უზრდელია და მაგაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. რაც შეეხება თვითონ მის განცხადებებს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, მან აღიარა, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს.
მინდა ციფრებში გითხრათ, რა არის ეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს 16 მილიარდი დოლარი იყო, მაშინ გახარია იყო პრემიერი. ამ წლის ბოლოსთვის 30 მილიარდი დოლარი გახდა ანუ, ამ სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 16-დან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ანუ, 14 მილიარდი დოლარით.
გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. მერე, როგორც ვიცი, გვარები დაასახელა და ერთ-ერთი მე მომიხსენია. 25 ოჯახის ჯიბეში თუ წავიდა, აქედან ოცდამეხუთედი უეჭველი მეკუთვნის ხომ? – მინიმუმ თანაბრად უნდა განაწილებულიყო. სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი არ ვიცი, გახარიას შეიძლება ვკითხოთ და აღმოაჩინოს.
მე რისი თქმა მინდა, ამ დონეზე არასერიოზულია მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჭარბი 14 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყანაში გაჩნდა, 20-25 კაცის ოჯახის ჯიბეებში წავიდა. მან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ აქედან დაახლოებით, მეოთხედი მარტო ბიუჯეტში მიდის. დანარჩენი უამრავ სექტორში ნაწილდება. ამას, როცა 20-25 კაცის ჯიბეების გასქელებას ეძახი, ელემენტარულად პატივს არ სცემს საკუთარ ღირსებას, როგორც ეკონომისტის.
მე მგონი, ასე ჰქვია ამას. სამარცხვინოა მისი განცხადებები, ეს აჩვენებს ისტერიკას. ეს კაცი არის ისტერიკაში, ამიტომ, უზრდელობს შალვა პაპუაშვილის მიმართ და ამიტომ ავრცელებს იმ სიცრუეს, რომელიც არის მათემატიკურად დაზუსტებული, რომ სიცრუეა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.