ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ის ფრაქცია “ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების” წევრი იყო.
ნარჩემაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელიასთან ერთად, თავდაც იყო.
როგორც კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, ის ჯერჯერობით არ აპირებს არცერთ ძალასთან გაერთიანებას და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
კობა ნარჩემაშვილმა უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებები გასულ კვირაში გააკეთა. მაშინ ის ამბობდა, რომ მისთვის მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელშიც წარმოშობილ რიგ საკითხებს არ ეთანხმება.
მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო “ქართული ოცნება” რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა.