დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. როგორც მან ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს გადაადგილებაც კი უჭირს.
ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობას პაციენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდის, იმის თაობაზე რომ პაციენტი მძიმედ არის.
„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, 3-5 წუთზე მეტ ხანს გაჩერების უფლებას არ გვაძლევენ. ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელობასა და უშუალოდ მის ზედამხედველ ექიმს მოვთხოვეთ, თუ რატომ არ ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენი მიზანიც სწორი ინფორმაცის მიწოდებაა, (რისთვისაც გუშინ მადლობას ვუხდიდი კლინიკის ხელმძღვანელობას), მაგრამ როცა ეს პოზიციები მოისმინეს, იქცეოდნენ აგრესიულად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ გამჟღავნონ ის რეალური ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ დეკანოზის დღევანდელი მდგომარეობა მისი დამძიმებისკენაა მიმართული. ამის თაობაზე მაქსიმალურად ხდება კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ინფორმაციის დამალვა. რიგ შემთხვევებში ძალიან აგრესიულად იქცევიან. იმედს ვიტოვებ, რომ მათი ქმედება აგრესიიდან პირიქით, დეკანოზის მკურნალობისკენ იქნება მიმართული. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ბევრად უფრო მძიმეა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვთხოვეთ პასუხი, თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშულოდ მკურნალობენ მას, არიან აგრესიულები. ასევე აგრესია გამოიხატება იმაში, რომ ისინი გადმოდიან ჩხუბზე, კამთსა და თავხედობაზე“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
რაც შეეხება დეკანოზის ზიარებას, ადვოკატის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით უმჯობესია საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ნაკლები ისაუბრონ და რეალურად გადადგან ქმედითი ნაბიჯები.
“მათ მოქმედებას დადებითად მაშინ შევაფასებ, როცა რეალური ნაბიჯი იქნება გადადგმული საპატრიარქოდან”, – განაცხადა ადვოკატმა ფანცულაიამ.