LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკებმა, კოვიდპანდემიის მართვისას, თანხები მიზნობრივად არ გაანაწილეს – არის სამედიცინო პერსონალის მიმართ დავალიანებები: ილია ღუდუშაური

145
ექიმი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის თქმით, კოვიდპანდემიის მართვისთვის, სახელმწიფომ, 2 წლის განმავლობაში, ყველა სახის მომსახურებისთვის, ჯამში, 1 მილიარდი ლარი დახარჯა.

„ეს არის სრული თანხა, რომელიც განკუთვნილი იყო სამი სხვადასხვა კომპონენტისთვის: მედპერსონალის წახალისებისა და მათი დანამატებისთვის, პაციენტების მკურნალობის ასანაზღაურებლად და იმ დარეზერვებული საწოლების ხარჯების დასაფარად, რომლებიც ყველა ჰოსპიტალს თუ კლინიკას მზად უნდა ჰქონოდა, კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად. ამ 1 მილიარდი ლარიდან, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი მედპერსონალის დანამატებისთვის“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, რეგულირების სააგენტო და შრომის ინსპექცია, რეგულარულად ახორციელებს კოვიდპანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის მონიტორინგს.

„სამწუხაროდ, მართლაც დასტურდება ისეთი შემთხვევები, როდესაც კონკრეტულმა კლინიკებმა, კოვიდპანდემიის მართვისას, თანხები მიზნობრივად არ გაანაწილეს. ხშირ შემთხვევაში არის სამედიცინო პერსონალის მიმართ დავალიანებები.

შრომის ინსპექცია ახორციელებს მოკვლევას, რა მიზეზით არ გაიცა ფინანსები მიზნობრივად, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ჩარიცხული იყო ეს თანხები.

ამ საკითხზე, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ბენეფიციარმა მიიღოს დავალიანება. მონიტორინგი და მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვფიქრობთ, კლინიკები, საბოლოოდ, სრულად დაფარავენ არსებულ დავალიანებებს“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.