LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „იმედს” გიორგი აფციაურისთვის 114 ათას ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა – აპირებს თუ არა თანხის გადახდას კლინიკა?

378
კლინიკა იმედი 33

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, კლინიკა „იმედის“ წინააღმდეგ, გათავისუფლებული რეანიმატოლოგის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კლინიკას ექიმისთვის კომპენსაციის სახით 114 ათას ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

მოსამართლე, მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი აფციაურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი კლინიკა „იმედის“ პირველი ივლისის ბრძანება გიორგი აფციაურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

რეანიმატოლოგის სამსახურის აღდგენის ნაწილში კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მოსასმენად, პროცესზე, არც ერთი მხარე არ იმყოფებოდა.

„კლინიკა “იმედს”, გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, კომპენსაციის სახით 16 161,56 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაეკისროს. ამასთან, კლინიკას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის პირველი ივლისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად 8080 ლარის და 56 თეთრის ოდენობით“, – განაცხადა მოსამართლე, მაია ჯავახიშვილმა.

გიორგი აფციაურის სასარგებლოდ, კლინიკა „იმედს“ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1000 ლარის ანაზღაურებაც. თავის მხრივ, გიორგი აფციაურს კლინიკა „იმედის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

აპირებს თუ არა კლინიკა „იმედი“ სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას? –  ამ კითხვით „ფორტუნამ“  კლინიკა „იმედის“ გენერალურ  დირექტორს დავით მაისურაძეს მიმართა.

„ჯერ არ ჩაგვბარებია სასამართლო გადაწყვეტილება. უნდა ჩაგვბარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ“, – განუცხადა „ფორტუნას“ დავით მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმები გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 1-ელ ივლისს, შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

„ყველაფერი დავიბრალე მე, რაც არ გამიკეთებია…“ – რაზე ალაპარაკდა და ვის ადანაშაულებს გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმის მოწმე?