საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს აჯამებს და გეგმავს სამომავლო ნაბიჯებს კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე – 17 ივნისს, მთავრობამ კლიმატის ცვლილების შესახებ მომზადებული ეროვნული ანგარიში წარადგინა.
მთავრობამ ანგარიში გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მოამზადა და კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული ეროვნული ვალდებულებების ფარგლებში წარადგინა.
ანგარიშში მიმოხილულია ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები კონვენციის შესრულების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის მიმართულებით.
დოკუმენტში ასევე შესულია სათბური აირების ინვენტარიზაციის განახლებული ანგარიში, რომელიც 1990 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს.
საქართველოს მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში ყურადღება რამდენიმე ძირითად მიგნებაზეა გამახვილებული:
➤ კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს საქართველოზე. 1986-2015 წლებში, წინა 30-წლიან პერიოდთან შედარებით, ქვეყნის უმეტეს რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა 0.25-0.58°C-ით, ხოლო ზოგიერთ ქალაქსა და რაიონში 0.63-0.73°C;
➤ თუ მსოფლიოში სათბურის აირების გაფრქვევა არ შემცირდება, 2100 წლისთვის, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა შესაძლოა 3.7°C-ით გაიზარდოს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე 1.5°C, საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის შედარებით უსაფრთხო ზღვარი;
➤ 1990-2017 წლებში, საქართველოს ეროვნულმა ემისიებმა 462 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტურ რაოდენობას მიაღწია. აქედან, მხოლოდ 31 პროცენტი შთანთქა ტყეებმა;
➤ იმ შემთხვევაში, თუ კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, საქართველოში ყველა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიება განხორციელდება, 2030 წლისთვის, წლიური ეროვნული ემისიები შემცირდება 5 მილიონი ტონით საბაზისო სცენართან შედარებით.
ეროვნული ანგარიშის საჯარო წარდგენის დროს, მსჯელობაში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ანგარიშის მომზადებაში.
“გაეროს კონვენციისთვის მომზადებული ანგარიშები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, განვლილი პერიოდის მიღწევები შევაფასოთ და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების გზაზე ახალი ნაბიჯები დავგეგმოთ.” – ასე აფასებს ანგარიშს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.
UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა კი აღნიშნავს, რომ ეროვნულ ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაცია ღირებულია როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის:
“კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად, ჯერ არსებული მდგომარეობა უნდა შევაფასოთ და ზუსტად ვიცოდეთ, სად ვართ. ამისთვის კი სანდო მონაცემები და მეცნიერული კვლევა გვჭირდება.” – აღნიშნა მან.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ ყველა ძირითადი საერთაშორისო შეთანხმებისა და დოკუმენტის ხელმომწერია.
1994 წელს, ქვეყანამ ხელი მოაწერა გაეროს ჩარჩო კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ, 1999 წელს კიოტოს პროტოკოლს შეუერთდა, ხოლო 2016 წელს – პარიზის შეთანხმებას.
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, საქართველო ოთხ წელიწადში ერთხელ წარადგენს ეროვნულ ანგარიშს გაეროს კონვენციის მიმართ, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ და ყოვლისმომცველ დოკუმენტს წარმოადგენს.
საქართველომ წელს ასევე განაახლა პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება და უპირობო ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის, 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.