LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლავს თუ არა ქართული შავი ღვინო და ჭაჭა კორონავირუსს – ინტერვიუ ქართველ ინფექციონისტთან

2983
koronaviruswn

კორონავირუსმა მთელი მსოფლიოს ექიმები საგონებელში ჩააგდო. წამყვან კლინიკენში იკვლევენ წამალს, რომელიც მას დაამარცხებს.

მანამდე კი მოსახლეობა ცდილობს, თავად მონახოს გამოსავალი. ქართველებმა მარტივ გამოსავალს „მიაგნეს“, ამბობენ, რომ კორონავირუსს მხოლოდ ქართული შავი ღვინო და ჭაჭა ებრძვის ეფექტურად.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს.

 

ბატონო ალექსანდრე, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქართული შავი ღვინო კორონავირუსს კურნავს. ეს შესაძლებელია სიმართლე იყოს?

ამასთან დაკავშირებით მეცნიერული დასკვნა არ არსებობს. ერთმა ჭიქა შავმა ღვინომ შეიძლება ადამიანს ხასიათი გამოუკეთოს და თავდაჯერებული გახადოს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ შავი ღვინის მიღება ვირუსის მიმდინარეობას ცვლის, შეუძლებელია, რადგან ასეთი სამეცნიერო კვლევა არ არსებობს.

არაყი ანუ ქართული ჭაჭა შეიძლება ვირუსის პრევენციის მიზეზი გახდეს?

ალკოჰოლის შემცველი ხსნარები არაცოცხალ ზედაპირზე ვირუსებს ადვილად ანადგურებენ. ხოლო რაც შეეხება ადამიანს, რომელიც დაინფიცირებულია, ალკოჰოლის მიღებით ვერ გამოჯანმრთელდება. ჯერჯერობით ასეთი ოფიციალური მონაცემი არ არსებობს.

როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

ახალი ვირუსია და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. თუმცა, ერთი რამ დადასტურებით უნდა ითქვას, ისევე როგორც სხვა რესპირაციული ვირუსების დროს, ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენა. რეკომენდებულია ხელების ხშირი დაბანა, ჩაკეტილი სივრცეების ხშირი განიავება. იმ ადამიანებს, ვისაც აღენიშნებათ სიმპტომები და იმყოფებოდნენ ისეთ ეპიდოლოგიურად საშიშ ქვეყანებში, როგორიც არის ირანი და ჩინეთი, აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. ეს არის ზოგადი თავდაცვის საშუალებები.

პირბადემ რამდენად შეიძლება დაგვიცვას კორონავირუსისგან?

პირბადე უნდა ეკეთოს ისეთ ადამიანებს, ვისაც ვირუსული ინფექცია აქვს. ვისაც აღენიშნებათ ცემინება, მაღალი ტემპერატურა. ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის ყოველდღიურობაში და ყველგან გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ქუჩაში, როდესაც ღია სივრცეში მივდივართ, პირბადის გამოყენება, განსაკუთრებით კორონავირუსისგან თავის დასაცავად, არ არის მიზანშეწონილი. კორონავირუსი ახლო კონტაქტით გადადის. თუ ღია სივრცეში ვართ, ჩვენ პირბადის გარეშეც დაცულები ვართ.

როგორ უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი?

ვირუსის მძიმე მიმდინარეობები დაფიქსირებულია ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, ასევე იმ ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება. დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადება. რაც შეეხება იმუნიტეტის გაძლიერებას, ეს ძალიან ფართო ცნებაა. ზოგადად უნდა ვეცადოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, დანარჩენი სპეციალური წამალი, რომელიც გააძლიერებს იმუნიტეტს და დაგვიცავს კორონავირუსისგან, ასეთი რამ არ არსებობს. ჯანსაღი ცხოვრების წესში შედის ხილისა და ცილოვანი საკვების მიღება.

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანი თავისით ინკურნება. ეს ნიშნავს, რომ საშიშ ვირუსთან არ გვაქვს საქმე?

კორონავირუსი მსუბუქი ვირუსული ინფექციის მსგავსად მიმდინარეიობს. არ ახასიათებს მძიმე გართულებები. მძიმე გართულებები გვხვდება დაავადებულთა მხოლოდ ერთ მეექვსედში. ამათგან სიკვდილიანობა 2,2 -დან 3 პროცენტამდე დაფიქსირდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 100 პაციენტიდან დაახლოებით 90  ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე  ინკურნება.
ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი არის ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, რომელიც საყურადღებოა და საჭიროებს პრევენციულ პროცედურებს, რასაც ამ ეტაპზე სახელმწიფო ატარებს. იმ ადამიანებს, ვისაც ეს დაავადება თეორიულად შეიძლება დაემართოთ,  არ ნიშნავს, რომ ცუდი დასასრული ექნებათ. მძიმე გართულებების გარეშე შეიძლება, განიკურნოს ადამიანი.

ამბობენ, დათბობასთან ერთად ვირუსი მოკვდებაო. რამდენ გრადუსზე კვდება კორონავირუსი?

100 გრადუსზე კორონავირუსი რამდენიმე წამში კვდება. ზოგადად ვირუსებზე დაკვირვების შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მეცნიერებს აქვთ პროგნოზირებადი მოლოდინი, რომ დათბობასთან ერთად შემცირდება ახალი შემთხვევების რაოდენობა. დაახლოებით 20-25 ტემპერატურაზე, ანუ აპრილის თვიდან ვირუსის გავრცელება იკლებს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკური სიტუაციაა, რომლის საფუძველიც არ არსებობს. ის საზღვრიდანვე იყო იზოლირებული  და მას სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც სპეციალურად იყვნენ შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი.

კარგი იქნება, თუ საზოგადოება მობილიზებული იქნება, მაგრამ არა ცუდის მოლოდინში. ვიფიქროთ კარგზე.

 

თემაზე ასევე წაიკითხეთ:

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში ვრცელდება“ – იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

როგორია კორონავირუსით დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა: 18 წლის გოგონას ანალიზის პასუხი კი მალე იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები